ხაშურის მუნიციპალიტეტი მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის მკურნალობის ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით, მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს სოციალური დაცვის სფეროში მუნიციპალური პროგრამების განხორციელებას.
2022 წელს შემუშავებული ფულადი დახმარების სხვადასხვა მუნიციპალური პროგრამების ფინანსური მოცულობა შეადგენს 1 147 400 ლარს. 2022 წლის 10 თვის განმავლობაში გაწეული ძირითადი ხარჯებია: უმწეოთა უფასო კვების სასადილოს ხარჯი შეადგენს 126947 ლარს; უკიდურესად გაჭირვებულ და უბინაო მოქალაქეების (27 ოჯახი) ბინის ქირით უზრუნველსაყოფად 41 500 ლარი დახარჯა; მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურებისთვის (ომის ვეტერანი, დევნილი, უპატრონო მიცვალებული) დახარჯულია 2000 ლარი; ვეტერანთა 49 ოჯახს გაეწია ფულადი დახმარება ჯამური თანხით 14 700 ლარი; სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან განთავისუფლებული პირების რესოციალიზაცია გაეწია 2 ბენეფიციარს 400 ლარის ოდენობით. ასევე დაფინანსდა 28 ხელმოკლე სტუდენტი. მათ სწავლის ღირებულების თანადაფინანსებისათვის 800 (არაუმეტეს) ლარის ფარგლებში უმაღლეს სასწავლებელში ჩაერიცხათ 22 162 ლარი; მრავალშვილიან (ოთხი და მეტი შვილი) დედებს, რომლებსაც შეეძინათ ოთხი და მეტი შვილი, ასევე, დედის დღესთან დაკავშირებით 345 მრავალშვილიან დედას გაეწიათ ფინანსური დახმარება 118 600 ლარის ოდენობით. თირკმლის დიალიზის პროგრამაში ჩართულმა 37 ბენეფიციარმა მიიღო დაფინანსება 18 500 ლარის ოდენობით; სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ფულადი სოციალური დახმარების მუნიციპალური პროგრამით დაიხარჯა 846 692.3 ლარი, რაც მოხმარდა ზოგიერთი კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსებას, ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვების/ მოზარდების რეაბილიტაციის კურსის დაფინანსებას, ქრონიკული დაავადების მქონე ავადმყოფების უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფას, გეგმიურ ქირურგიულ ოპერაციებს, მაღალტექნოლოგიურ გამოკვლევებს (ბირთვულ მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა, კომპიუტერული ტომოგრაფია და იმუნოჰისტოქიმიური კვლევა); პაციენტებს, რომელთა სამედიცინო მომსახურებას არ აფინანსებს სადაზღვევო კომპანია, ან საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა; პაციენტებს, რომლებიც საჭიროებენ სხივური და ქიმიოთერაპიის კურსის თანადაფინანსებას და ა.შ. მუნიციპალიტეტი მომავალშიც ეცდება გაითვალისწინოს საზოგადოებაში არსებული პრობლემები და მოთხოვნები, რომელიც შესაბამისად ასახული იქნება მოქმედ პროგრამებში.