ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი პორტუგალიიდან დაბრუნდა, სადაც ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტი პორტუგალიაში, ასოციაცია “ანიკამ“, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალური მომსახურებების განვითარებისათვის“ ფარგლებში გამართა.
ოფიციალური ვიზიტი 3 - დან 8 ივლისის ჩათვლით მიმდინარეობდა, რომლის მიზანი, პორტუგალიის სხვადასხვა სოციალური მომსახურებების დეტალური შესწავლა და მათ განხორციელებაში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობისა და კომპეტენციების განაწილების გაცნობა გახლდათ. ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი პორტუგალიის დედაქალაქის, ლისაბონის, სერვისის მიმწოდებელ ორგანიზაციებს, ასევე სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებსა და პორტუგალიის მუნიციპალიტეტების ორგანოებსა და წარმომადგენლებს ეწვია. ვიზიტში მონაწილეობა მიიღეს პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტების - ხარაგაულის, ლანჩხუთის, ბაღდათის, , ქედის, ყვარელის მერებმა და ჩოხატაურისა და შუახევის მერის მოადგილეებმა, მომსახურების მიმწოდებელი პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. ხარაგაულის მერმა, სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად ინფორმაცია მიიღო სოციალური სერვისების ევროპული სტანდარტების შესახებ, დეტალურად გაეცნო პორტუგალიაში არსებულ მომსახურებებსა და სერვისის მიწოდებაში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობას. შეგახსენებთ, რომ ასოციაცია„ანიკა“ ხარაგაულში ევროკავშირის დაფინანსებითა და მხარდაჭერით პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალური მომსახურებების განვითარებისათვის” პროექტის ფარგლებში შშმ პირთა შინ მოვლის პროგრამას ახორციელებს, რომელსაც თანადაფინანსებას ხარაგაულის მერია უწევს.