„520 მილიონი ლარი წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ეს არის ნამდვილად უპრეცენდენტო და ამ მიმართულებით არსებული ბიუჯეტის ისტორიული მაქსიმუმია. რეალურად, ეს არის ბიუჯეტი, რომელიც მთავრობის მიერ შემუშავებული ქვეყნის განვითარების ხედვის ფარგლებში, უკვე 2025 წლის ბოლომდე ყველა ქალაქში 24 საათიანი წყალმომარაგების უზრუნველყოფის შესაძლებლობას მოგვცემს,“-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ სამინისტროს 2023 წლის ბიუჯეტის შესახებ საუბრისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2023 წლის ბიუჯეტში წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მშენებლობა-გაუმჯობესების პროექტებისათვის გათვალისწინებული 520 მილიონი ლარი უზრუნველყოფს 2025 წლის ბოლომდე ყველა ქალაქის 24 საათიან წყალმომარაგებას. მან ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე, წყალმომარაგების და წყალარინების პროექტები აქტიურად მიმდინარეობს 201 მდებარეობაში და ამ პროექტების ფარგლებში, დაახლოებით 600 ათას ადამიანს გაუუმჯობესდება წყალმომარაგება. „სამუშაოები კიდევ უფრო მაღალი ტემპით გაგრძელდება მომდევნო წელს და მთლიანობაში, ჩვენი გეგმის შესაბამისად, უკვე 2023 წლამდე მთელი ვქეყნის მასშტაბით გვექნება სტანდარტის შესაბამისი წყალმომარაგება. რა თქმა უნდა, ეს არის უმნიშვნელოვანესი განსაკუთრებით ისეთი მდებარეობებისათვის, სადაც არასდროს ყოფილა ცენტრალიზებული, სტანდარტის შესაბამისი წყალმომარაგება. ამ პროექტების განხორციელება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, პირველ ყოვლისა, ჩვენი მოქალაქეების გაუმჯებესებული წყალმომარაგებით უზრუნველყოფას და ამასთანავე, ეს განვითარების ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს ამ მდებარეობებს,“-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.