გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ უტიაშვილმა, ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსთან ბიჭიკო მაისურაძესთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული პროექტები მოინახულა.

სოფელ მელაანში უკვე დასრულდა საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია, შეიცვალა კარ-ფანჯარა და იატაკი, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 41 182 ლარი დაიხარჯა. ახლა მიმდინარეობს მინი მოედნის მოწყობა და ჩალაუბანთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია. ორივე პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და ჯამში 738 961 ლარი იხარჯება.

ამ დროისთვის უკვე დასრულებულია სოფელ ზემო კაჭრეთის მინი მოედნის მოწყობა. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით 80 519 ლარით დაფინანსდა.

„ გურჯაანის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების დიდი ნაწილი დასრულებულია ან დასკვნით ეტაპზეა. მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული პროექტების ნაწილი მოვინახულე.  ვფიქრობ, ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის ძალიან წარმატებული წელი იყო და ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა.  მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოეწყო 10 ახალი მინი-მოედანი, ასევე, საბავშვო და სავარჯიშო სივრცეები,  თითქმის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში შესრულდა საგზაო სამუშაოები  და ჯამში 20 365 მეტრი სიგრძის გზის  რეაბილიტაცია განხორციელდა, ქალაქ გურჯაანში მოასფალტდა  28 989 კვ.მეტრი სიგრძის საერთო საცხოვრებლების ეზოები და ჩიხები. წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და ექსპლუატაციისთვის 12 მლნ  ლარზე მეტი იხარჯება.  
“ - აღნიშნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ უტიაშვილმა.