ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ახალისოფელში, სასპორტო სკოლის მშენებლობა, „საფეხბურთო კლუბი მაჭახელა“-ს სათამაშო მოედნის რეაბილიტაცია და საფეხბურთო სტადიონის ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება.
აჭარის პრპოექტების მართვის კომპანიამ კონკურსი ხელვაჩაურში მდებარე მიწის ნაკვეთებზე საკადასტრო კოდებით: ს/კ 22.29.01.108, 22.29.01.010 და 22.29.01.239 გამოაცხადა. პროექტის თანახმად შენობაში უნდა განთავსდეს ფეხბურთის, კალათბურთის, ხელბურთის მინი მოედნები, არანაკლებ 300 კაცზე გათვლილი ტრიბუნებით. მათ შორის: - VIP-ლოჟა 5 ადამიანზე, შშმ-პირთათვის ადაპტირებული ტრიბუნა, მედია ტრიბუნა. 45 მეტრი სიგრძისა და 28 მეტრი სიგანის მინი მოედანი საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად უნდა დაპროექტდეს. რეკომენდებული შიდა სივრცის სიმაღლე 10 მეტრი უნდა იყოს, ხოლო ხის იატაკი FIBA-ს სტანდარტის შესაბამისად მოეწყოს. ობიექტს ექნება მაყურებლებისგან იზოლირებული გასახდელები, როგორც სპორტსმენებისათვის, ისე მსაჯებისთვის. ასევე გათვალისწინებული უნდა იყოს მინი მოედნის ფუნქციონირებისთვის საჭირო ტექნიკური სათავსოები. მოეწყოს სპორტული განათების სისტემა. კომპლექსში ასევე უნდა იყოს გათვალისწინებული დარბაზები ჭიდაობისათვის, ძალოსნობისა და ძიუდოსთვის. პროექტის თანახმად ნაგებობაში უნდა განთავსდეს არანაკლებ 50 კვ.მ. სატრენაჟორო დარბაზი, სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის სამყოფები, საევუაკაციო გასასვლელები, სანკვანძები, სპორტსმენებისათვის, ტექნიკური სათავსოები, საწყობები ინვენტარისათვის და სხვა. სპორტულ კომპლექსში ასევე უნდა მოეწყოს: რეგულაციების შესაბამისი პარკინგი, მათ შორის აუცილებლად 1-2 ავტობუსისათვის; მთავარი შესასვლელი, ჰოლი, სადაც შესაძლოა მოეწყოს სწრაფი კვების ობიექტი. ადმინისტრაციული ოფისები 20 პერსონალზე, 25-30 ადამიანზე გათვლილი საკონფერენციო ოთახი. პერსონალის კვების ოთახი, საზოგადოებრივი სან-კვანძები, დაცვის ოთახი, ტექნიკური სათავსოები, ექიმის კაბინეტი და მედ. პუნქტი სპორტსმენებისთვის . ასევე ეკონომკლასის ტიპის 7 სასტუმრო ნომერი; ფასადი უნდა იყოს ვენტილირებადი და მოპირკეთდეს თანამედროვე მასალებით; შენობა-ნაგებობა აღჭურვილი უნდა იყოს ელექტრო სისტემებით, ინტერნეტითა და ტელეფონით, უსაფრთხოების კამერებით, გამოცხადების, უკუკავშირის, ცენტრალური გათბობა-გაგრილების, სახანძრო სისტემებით, მათ შორის კვამლგამწოვი, ვენტილაციის, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემებით. პროექტი ასევე მოიცავს 105/68 მ ბუნებრივსაფარიან ღია საფეხბურთო სტადიონს 400 ადგილიანი გადახურული ტრიბუნით. სტადიონის რეაბილიტაციისას უნდა მოეწყოს სტანდარტების შესაბამისი სადრენაჟე სისტემა, სათადარიგო ფეხბურთელების და მწვრთნელების საჯდომები, ვიდეო გადაღებისთვის საჭირო კოშკურა. გამარჯვებულმა კომპანიამ პროექტის შემუშავებისას უნდა გაითვალისწინოს მაღალი ხარისხის თანამედროვე სამშენებლო სტანდარტები. იგი ასევე უნდა მოიცავდეს ზოგად ინსტრუქციებს და რეკომენდაციებს შენობის ექსპლუატაციისთვის, ისევე როგორც დეტალურ სპეციფიკაციებს გამოყენებული მასალის, მუშაობის მეთოდებისა და ხარისხის გასაკონტროლებლად. პროექტირებისას გათვალისწინებული უნდა იყოს საპროექტო ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემა, მათ შორის სახანძრო-სამაშველო და შშმ პირთათვის, ევაკუაციის გეგმა და სახანძრო სისტემები. ასევე გარე და შიდა საინჟინრო კომუნიკაციები, წყალმომარაგება - კანალიზაცია, ელექტრომომარაგება, გათბობა-გაგრილება და ვენტილაცია, გარე სანიაღვრე და სადრენაჟე სისტემები. ტერიტორიის დაგეგმარება უნდა იყოს სრულ შესაბამისობაში სახანძრო უსაფრთხოების ნორმებთან. საპროექტო კომპანიამ უნდა იხელმძღვანელოს საერთაშორისო სტანდარტების და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დამკვეთთან შეთანხმებით. ასევე, უნდა გაითვალისწინოს საპროექტო ტერიტორიის სპეციფიკა, შესაბამისად დაგეგმოს სპორტული კომპლექსის ავტოსადგომები და ტერიტორიის კეთილმოწყობა. მინიმუმამდე უნდა იქნეს დაყვანილი გარემოზე ზემოქმედება. გამოყენებული მასალები უნდა იყოს თანამედროვე, პრაქტიკული, მარტივად დასამუშავებელი და ეკოლოგიურად სუფთა. ობიექტი სრულად უნდა იყოს ადაპტირებული შშმ პირებზე. ყველა დოკუმენტი მონაწილეობის მსურველმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს ,,ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინსტრუქციის შესაბამისად. პროექტის მომზადებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამშენებლო წესების და ნორმების მოთხოვნები.