პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერის, თამარ ჩარკვიანის განცხადებით, საქართველოს მთავრობის მხრიდან უკრაინის მხარის წერილის უპასუხოდ დატოვების მიზეზი ბიძინა ივანიშვილის შიშებია, რომელიც პუტინს ეუბნება, რომ უკრაინას არაფრით ეხმარება და გენერატორსაც კი არ უგზავნის.

„შედარებას ვაკეთებ: ბადრი პატარკაციშვილი, რომელიც ძალიან არ მიყვარდა, „ფოჩიანი კანფეტი“ იყო ბიძინა ივანიშვილთან შედარებით, მან ბოლომდე ვერ შეუსრულა პუტინს ის, რაც სთხოვეს, ვერ გარისკა, ხოლო ბიძინა ივანიშვილი ჭკვიანურად, ეშმაკურად ასრულებს დავალებას. ჯერ ერთი, ეშინია იმ ცნობილი „პუტინური ჩაის“, რომელსაც ვიღაცებს ხშირად ასმევენ ხოლმე - ან ბერეზოვსკივით კლავენ, ან პატარკაციშვილივით და ა.შ. ეს არის რუსული ხელწერა, ამიტომ მას ამ ხელწერის ეშინია და ის რუსეთს ეუბნება, მე არ ვეხმარები არაფრით უკრაინას, გენერატორსაც კი არ ვუგზავნი და შენ რომ გებრძოდა, იმ პრეზიდენტს ვკლავ ციხეში. „ნაიომნიკებს“ ვეძახი უკრაინაში დაღუპულ გმირებს“, - განაცხადა "პალიტრანიუსის" ეთერში თამარ ჩარკვიანმა.