მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უფლება ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების მიმართულებით პროფესიული განათლების მქონე პირსაც მიეცემა. შესაბამისი ცვლილებები პარლამენტს ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინა.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ტექნოლოგიების საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლების დეფიციტი განსაკუთრებით მწვავედ იგრძნობა, რაც მათ შორის განპირობებულია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნით, რომლის მიხედვით, ტექნოლოგიების სწავლების უფლება მხოლოდ არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე პირებს აქვთ.

მთავრობა განმარტავს, რომ ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების მიმართულებით, არიან მაღალი კომპეტენციის მქონე სხვა ახალგაზრდებიც, რომლებსაც შესაძლოა არ ჰქონდეთ ამ მიმართულებით უმაღლესი განათლების აკადემიური ხარისხი.

„ამ მხრივ, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჭიროებების გათვალისწინებით და აღნიშნული დისბალანსის დასაძლევად, მიზანშეწონილია, ტექნოლოგიების საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით, სკოლაში დასაქმების შესაძლებლობა მიეცეთ იმ პირებსაც, რომელთაც აქვთ ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების მიმართულებით პროფესიული განათლება. ამასთან, სწავლების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, ასეთი პირებისთვის სავალდებულო უნდა იყოს მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამის ან მასწავლებლის მომზადების შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის გავლა, კანონმდებლობით დადგენილი წესით. აქედან გამომდინარე, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება მოითხოვს ცვლილებას „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონშიც, რომლითაც განსაზღვრულია მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობები“, – აღნიშნულია კანონპროექტში.