პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 86 ხმით მხარი დაუჭირა „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტს.

საკითხი განსახილველად საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა წარადგინა.

ცვლილებების მიზანია, კანონს დაემატოს მუხლი, რომელიც შეეხება ავტონომიური რესპუბლიკების დონეზე ქალისა და მამაკაცის თანასწორობის და ბავშვთა საკითხების უზრუნველყოფის მექანიზმის ჩამოყალიბებას. აღნიშნული ნორმა შექმნის სამართლებრივ საფუძველს, რომლის მიხედვითაც, ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამის ხელისუფლების ორგანოებს მიეცემათ შესაძლებლობა ქალთა და ბავშვთა საკითხებზე იმუშაონ კოორდინირებულად, საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან თანამშრომლობით.

მომხსენებლის განცხადებით, კანონში ცვლილებები უზრუნველყოფს ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოების შექმნას ავტონომიურ დონეზე, რაც ხელს შეუწყობს ქალთა და მამაკაცთა თანასწორობისა და ქალთა და ბავშვთა საკითხების ეფექტიან განხორციელებას და უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაძლიერებას.