სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საკმარისი ინფორმაცია აქვს და  ექსპრეზიდენტის შეწყალება, მისი მისაღები გადაწყვეტილებაა.

"დავაზუსტებ, რომ არ შევხვედრივარ პრეზიდენტს, მქონდა სატელეფონო კომუნიკაცია. თავი ვალდებულად ჩავთვალე მიმეწოდებინა მისთვის ინფორმაცია, რაც ვნახე. იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ადამიანებს, ვისაც არ უნახავთ მიხეილ სააკაშვილი ამ მდგომარეობაში, ახლობლების, ადვოკატების, თუ ექსპერტების შეფასებებით, მაინც ვერ წარმოუდგენიათ ის სიტუაცია და ის მდგომარეობა, რაც იქ დამხვდა და ამიტომ მინდოდა, რომ ჩემგან გაეგო ეს შთაბეჭდილებები. მივაწოდე ნანახის შესახებ ინფორმაცია, რაზედაც პრეზიდენტმა მადლობა გადამიხადა და მითხრა, რომ ის და მისი წარმომადგენლები არიან მუდმივ კომუნიკაციაში "ემპათიასთან" და აგრძელებენ ინფორმაციების მიღებას. 

შეწყალების საკითხზე პრეზიდენტთან არ მისაუბრია. მას აქვს საკმარისი ინფორმაცია და ეს მისი მისაღები გადაწყვეტილებაა. როგორც ხედავთ, ისიც აცხადებს ღიად, რომ ელოდება სასამართლოს გადაწყვეტილებას"- განაცხადა "ტვ პირველის" ეთერში ნინო ლომჯარიამ.