„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების საკითხზე სასამართლო პროცესის ჩანიშვნას ეხმაურება და პარტიის წევრებს სამოქმედო გეგმისა და პოზიციების შეჯერების თაობაზე მიმართავს. აღნიშნულის შესახებ ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

„მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ჩაინიშნა 9 დეკემბერს, 13:00 საათზე. ამ ეტაპზე ერთიანი და კონსოლიდირებული მოქმედება გადამწყვეტია.

არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, რომ ამ პროცესს ხელი შევუწყოთ ჩვენი ერთობითა და თანამშრომლობით, როგორც ერთმანეთთან, ისე დაცვისა მხარესა და მიხეილ სააკაშვილის ოჯახთან.

შესაბამისად, გთხოვთ, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებს, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატებს, პარტიის სამდივნოს წევრებს, შევხვდეთ ხვალ, 12:00 საათზე „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში, რათა განვიხილოთ უახლოესი დღეების სამოქმედო გეგმა და შევაჯეროთ პოზიციები“, - წერს ნიკა მელია.