მოქალაქეობასთან დაკავშირებულ საკითხს კუდები უსაფუძვლოდ მიაბეს და უაზროდ დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

"ამბავი შექმნეს, გაავრცელეს და უაზროდ დიდი აჟიოტაჟი მოყვა აბსოლუტურად უსარგებლოდ, როცა ირაკლი კობახიძემ ილაპარაკა მოქალაქეობასთან დაკავშირებულ საკითხზე, ამას კუდები მიაბეს სრულიად უსაფუძვლოდ, არავითარი საჭიროება რომ არსებობდა, რადგან თუ რამე სათქმელია, არავინ არავის დაზარდება, რომ ისაუბროს და არავითარი მინიშნება საჭირო არ არის. ითქვა ერთი რამ მარტივად, რომ არ შეიძლება სახელმწიფო იყოს წამახალისებელი მოხალისეების უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებებში ჩართვის და ეს აბსოლუტურად მართებულია, ამას აკეთებს არამარტო ქართული სახელმწიფო, არამედ აშშ, დიდი ბრიტანეთი, სახელმწიფოები, რომლებიც თავს უფლებას აძლევენ აქტიურად იყვნენ ჩართულნი ლამის საომარ მოქმედებებში, ლამის, ამას ხაზგასმით ვამბობ. ასეთ ვითარებაში, ჩვენი სახელმწიფოც ვერ გამოვა და ღიად ვერ მოუწოდებს ვიღაცას, ვერ წაახალისებს, წადით და იბრძოლეთ რომელიღაც სახელმწიფოშიო. კანონმდებლის მიდგომაა, რომ აჩვენოს და დაასახელა მაგალითად მოქალაქეობის შესახებ კანონი, რომელშიც წერია, რომ მოქალაქეობის დაკარგვის მიზეზს შეიძლება წარმოადგენდეს ეს ლეგიტიმურად და ეს არავითარ შემთხვევაში საფუძველს არ ქმნის იმისთვის, რომ დააბრალო ვინმეს, რომ ეს მოქალაქეობის შეწყვეტით დამუქრებაა და ა.შ. აბსურდია ეს ყველაფერი.

არ შეიძლება ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები ითარგმნოს და გაიგივებული იქნეს კეთილსინდისიერი მოქალაქეების საწინააღმდეგოდ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თვალი დავხუჭოთ, როცა კითხვებია პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს ხელფასის გადახდას ადამიანისთვის, ვინც მოხალისედ ეწერება და მიდის უკრაინაში საბრძოლველად, ეს ფაქტები არსებობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დაუფასებელი რჩება ამ შემთხვევაში პათოსი და კეთილსინდისიერი განწყობები, რომელიც შეიძლება ამოძრავებდეს არაერთ ადამიანს და ძალიან დიდ ნაწილს იქ ჩასული ადამიანებისა,"- განაცხადა სარჯველაძემ.