მივესალმები რუსთავში საკრებულოს თავმჯდომარის არჩევას. მიუხედავად უამრავი მცდელობისა, ქართულ ოცნებას ამ ქალაქშიც ჩაუვარდა გეგმა, ხელში ჩაეგდო საკრებულოები, იმ მუნიციპალიტეტების ნაწილში, სადაც ოპოზიციამ გაყალბების მიუხედავად გამარჯვების გაფორმება შეძლო.- ამის შესახებ მსჯავრდებული საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი გახარიას პარტიის წევრის არჩევას ეხმაურება.
"ეს წარმატება რუსთავში, ისევე როგორც ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში, აჩვენებს, რომ პრინციპული ნაბიჯებით და საერთო ძალისხმევით ხელისუფლების დამარცხება შესაძლებელია და „ქართული ოცნების“ რყევის პროცესი სახეზეა. იმედი მაქვს, ზუგდიდსა და სენაკში მოვლენებიც ანალოგიურად განვითარდება. ახლა მთავარია, რუსთავში და სხვა საკრებულოებშიც ჩვენი საქმიანობა მიმართული იყოს ჩვენი მოქალაქეების წინაშე არსებული უამრავი პრობლემის წამოწევისთვის, გადაჭრის გზების შეთავაზებისა და ქართული ოცნების კორუფციული ნაბიჯების მხილებისათვის. ჩვენი მოქალაქეების სასიკეთოდ გამარჯვების რწმენით და საყოველთაო აქტიურობით ჩვენ მივაღწევთ ვადამდელ არჩევნებს, რომელიც საქართველოში ვითარების შეცვლისა და სწრაფი განვითარების დასაწყებად ერთადერთი გზა არის" - წერს მიხეილ სააკაშვილი. შეგახსენებთ: რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე პარტია „საქართველოსთვის” წევრი ნოდარ შეროზია გახდა. შეროზიას ხმა მათი პარტიის 3 წევრის გარდა „ნაციონალური მოძრაობის” 15-მა დეპუტატმა მისცა. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო და არც საკუთარი კანდიდატურა დაასახელა “ქართულმა ოცნებამ”. შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე, მხოლოდ ერთი კანდიდატი იყო წარმოდგენილი. “ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ გახარიას პარტია “ნაციონალურ მოძრაობასთან” გარიგებულია და ეს შედეგი მოსალოდნელი იყო.