„ახალმა მემარჯვენეებმა“ საპრეზიდენტო არჩევნების ოლიმპიადაში ჩვენი ადგილი ვერ მოვძებნეთ, - ასე ეხმაურება „ახლების“ ლიდერი მამუკა კაციტაძე „აიპრესთან“ საუბრისას საპრეზიდენტო არჩევნებზე მათი პარტიის მონაწილეობის საკითხს.

როგორც კაციტაძე ამბობს, პრეზიდენტობის კანდიდატობის მსურველთა რაოდენობა უკვე 26-ია, ხოლო ვადის ამოწურვამდე ეს რიცხვი 40-ს გადააჭარბებს, რაც მისი თქმით, უტოპიურს ხდის იმას, რომ „ოცნების“ კანდიდატს, ან „ოცნებისგან“ მხარდაჭერილ კანდიდატს ოპოზიციურმა კანდიდატმა მოუგოს.

პოლიტიკოსის შეფასებით, ეს ვითარება ჰგავს ოლიმპიადას, სადაც მთავარი მონაწილეობაა. „ახალმა მემარჯვენეებმა“ კი ამ ოლიმპიადაში საკუთარი ადგილი ვერ იპოვა, რადგან ეს პოლიტიკისგან შორსაა. ამბობს, რომ ეს ვითარება უკვე თამაშისგან შორსაა და სამარცხვინო ელფერი დაჰკრავს.

„უკვე 26-ს მიაღწია კანდიდატების მსურველთა რაოდენობამ. 8 სექტემბრამდე ჯერ კიდევ არის დარჩენილი დრო და დარწმუნებული ვარ ოთხ ათეულს გადააჭარბებს.

მესმის, რომ ბევრი გამოაკლდება ამ რაოდენობას. ბევრი ვერ შეაგროვებს საკმარის ხელმოწერებს. 18 სექტემბრისთვის ეს რაოდენობა შემცირდება და 28 სექტემბრისათვის ჩვენ მივიღებთ კანდიდატების ზუსტ რაოდენობას. ეს იმას ნიშნავს, რომ ფიქრი „ქართულ ოცნებასთან“ გამარჯვებაზე უბრალოდ უტოპიური რჩება. ეყოლება თუ არა მმართველ პარტიას თავისი კანდიდატი, ერთ რამეში ვარ დარწმუნებული, რომ ან მის მიერ დასახელებულ კანდიდატზე მოხდება სრული კონცენტრაცია, ან ე.წ. დამოუკიდებელ კანდიდატზე, რომლის უკანაც ღიად დადგება „ოცნება“. ანუ ღიად დაუჭერს ის მხარს, ე.წ. დამოუკიდებელ კანდიდატს. ისევე როგორც ეს გააკეთა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, მთაწმინდის ოლქში. შესაბამისად, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები უფრო ემსგავსება ოლიმპიადას, სადაც ძირითადი ლოზუნგი თუ დევიზი არის ის, რომ მთავარია მონაწილეობა. მონაწილეობის პრინციპიდან გამომდინარე ჩატარდება ალბათ ეს არჩევნები და რეალურად იქნება კონკურენცია საპატიო მეორე ადგილისთვის.

დღეს პოლიტიკური სპექტრი ასე შეიძლება დავყოთ პირობითად. მმართველი პარტია და სახელისუფლებო პარტიის გარშემო შემოკრებილი პარტიები. მეორე ჯგუფი ეს არის, ის პარტიები, რომლებიც ერთმანეთში იბრძვიან მეორე ადგილისათვის და არა გამარჯვებისათვის. რიტორიკა კი აქვთ გამარჯვებაზე ორიენტირებული, მაგრამ რეალურად საპატიო მეორე ადგილისთვის ბრძოლა აქვთ. და პარტიათა მესამე ჯგუფი, რომელიც ბუღალტერიას აწარმოებს იმისათვის, რომ არიან რა კვალიფიციური სუბიექტები და ეკუთვნით რა უბნებზე ფასიანი წარმომადგენლები, მათთვის გამოყოფილი თანხით რეალიზაციის პირობები შექმნან. ეს დაახლოებით 370-380 ათასი ლარია კონკრენტული არჩევნებისათვის. ყველა ეცდება ამ თანხის ათვისებას და შესაბამისად, ეს პარტიები აფილირებული არიან ე.წ. საარჩევნო ბუღალტერიაზე. ასეთ პირობებში „ახალმა მემარჯვენეებმა“ ჩვენი ადგილი ამ ოლიმპიადაში ვერ მოვძებნეთ.

ის, რომ ჩვენი კანდიდატი არ გვეყოლებოდა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ წიაღში ვერ მოიძებნება ღირსეული კანდიდატი. მით უმეტეს, დღევანდელი კანდიდატების სიას რომ გადავხედოთ. მაგრამ, ეს ყველაფერი ხომ ფიქციაა და პოლიტიკისგან შორს არის?! თამაშსაც არ გავს, ცოტა სამარცხვინო ელფერი დაკრავს“, - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.