„ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი მამუკა კაციტაძე ამბობს, რომ მათ არ ეყოლებათ პარტიული კანდიდატი, მაგრამ როგორც პოლიტიკური ძალა პოზიციას აუცილებლად გამოხატავენ და რომელიმე საპრეზიდენტო კანდიდატს დაუჭერენ მხარს.

იქნება თუ არა ეს, „ახალი მემარჯვენეების“ ყოფილი პოლიტიკური პარტნიორი დავით უსუფაშვილი? - ამ კითხვას მამუკა კაციტაძე „აიპრესთან საუბრისას ღიად ტოვებს და ამბობს, რომ დღეს ამაზე არ ისაუბრებენ და დაელოდებიან, საბოლოოდ ვინ დარჩებიან კანდიდატებად.

„რაც შეეხება ჩართულობას არა როგორც ამომრჩეველი, არამედ როგორც პოლიტიკური ძალა დაუჭერს თუ არა ამა თუ იმ კანდიდატს მხარს, ამაზე ჩვენ მოგვიანებით ჩამოვყალიბდებით. ჯერ ერთი გვაინტერესებს, საბოლოოდ რა სახეს შეიძენს კანდიდატთა ნუსხა. ანუ, ვინც დარჩება, ოფიციალურ კანდიდატად არჩევნებში. ამის ბოლო ვადა გახლავთ 28 სექტემბერი.

მეორე, იმ წარმოდგენილი კანდიდატებიდან იქნებ კიდევ მოხერხდეს გაატარონ უფრო კონკურენტული, ანუ გარკვეულმა კანდიდატებმა გზა დაუთმონ ან მხარი დაუჭირონ სხვა კანდიდატებს და იქნებ ახლა მოხდეს გარკვეული კონსოლიდაცია. მატნაკლები გავლენისა და წონის პარტიათა კანდიდატებს შორის. თუ არ გვინდა ბუტაფორიული არჩევნები, უნდა გაკეთდეს აქცენტი კონკრეტულ კანდიდატზე, რომელმაც შესაძლოა გაუწიოს კონკურენცია სახელისუფლებო ან მის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს“, - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

კითხვაზე, დაუჭერს თუ არა მხარს „ახალი მემარჯვენეები“ მაგალითად დავით უსუფაშვილს, რომელთანაც წარსულში პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებთ? -  კაციტაძე პასუხობს:

„დასახელებულ კანდიდატებს შორის არაერთია, რომელთანაც „ახალ მემარჯვენეებს“ სხვადასხვა დროს გვქონია ამა თუ იმ ფორმის თანამშრომლობის ურთიერთობა. 28 სექტემბერს ცესკო კონკრეტული პიროვნებების კანდიდატებად გომოცხადებას ამთავრებს. 28 სექტემბერი ყველაზე ბოლო ვადაა, როცა ჩვენ გვეცოდინება რამდენი კანდიდატი დარჩა, ვინც ამ პაექრობაში შედის. ჯერ კიდევ რჩება თეორიული, მაგრამ მაინც იმედი, რომ გარკვეული კონსოლიდაცია მოხდეს გარკვეული კანდიდატის გარშემო. ამიტომ, ჩვენ დღეს ამ განაცხადს უბრალოდ არ გავაკეთებთ.

მეორე, მაინტერესებს ვინ დარჩებიან კანდიდატებად. მათ შორის ჩვენი ყოფილი პარტნიორებიდან. ვინ იქნებიან ისეთები, რომლებიც სიმპატიას იმსახურებენ „ახალი მემარჯვენეების“ მხრიდან. ერთი რამე დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, 28 სექტემბრის მოცემულობიდან გამომდინარე გვექნება პოზიცია წარდგენილ კანდიდატებთან მიმართებაში. დანარჩენზე შეგვიძლია 29-30 სექტემბერს ვისაუბროთ, როდესაც ფინიშის ერთთვიანი სწორი იქნება არჩევნებამდე. იქამდე ბევრი რამე შეიძლება ბევრი რამე შეიცვალოს. მე მაგალითად ველოდები, რომ შესაძლოა სიურპრიზი იყოს მმართველი პარტიის მხრიდან, მხარდასაჭერ კანდიდატებთან მიმართებაში“, - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.