არ არსებობს შანსი, რომ საქართველო როდისმე ნატოს წევრი იქნება. შანსი არ არის, ამას რუსეთი არასოდეს დაუშვებს, - განაცხადა გადაცემაში „თბილისის დროით“ კოლუმბიის უნივერსიტეტის მდგრადი განვითარების ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა, ჯეფრი საქსმა ბრიტანელი დიპლომატის, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტის, იან პრაუდის კითხვის საპასუხოდ, რომელმაც „მეგობარ აქტზე“ ისაუბრა.

თავის მხრივ, იან პრაუდმა აღნიშნა, რომ ჯო უილსონის ე.წ. მეგობარი აქტი მოიცავს დებულებას, რომლის მიხედვითაც საქართველომ თავისი ერთგულება დასავლეთისადმი სწორედ ნატოში გაწევრიანებით უნდა დაამტკიცოს. „ეს განხილულია, როგორც საშუალება, რომ საქართველომ გადაირჩინოს თავი სანქციების დაწესებისგან“, - თქვა პრაუდმა.

„არ არსებობს შანსი, რომ საქართველო როდესმე ნატოს წევრი იქნება, შანსი არ არის, ამას რუსეთი არასოდეს დაუშვებს. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ ჩინეთმა ან რუსეთმა მექსიკას სანქციები დაუწესონ, მის მიწაზე, ამერიკის საზღვართან რომელიმეს სამხედრო ბაზების არ განთავსების მიზეზით?! ეს ხომ სიგიჟეა!

ამავე დროს, მე მაქვს ასეთი სიგიჟის მოსმენის გამოცდილება, ბუქარესტში, ნატოს სამიტის შემდეგ 2008 წელს. სრული სიგიჟე გამოაცხადეს, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდებოდა. მიმიწვიეს ბატონი სააკაშვილის სიტყვით გამოსვლის მოსასმენად ალბათ, თუ სწორად მახსოვს 2008 წლის მაისში, ნიუ-იორკში. სააკაშვილი ამტკიცებდა, რომ ნატოში შევიდოდა, რომ საქართველო ევროპის შუაგულში იყო და ეს იდიოტები ნიუ-იორკში კი მას აქეზებდნენ.

მე განცვიფრებული ვიყავი. მეუღლეს დავურეკე და ვუთხარი, რომ ალბათ, ცხოვრებაში ყველაზე დიდი სიგიჟე მოვისმინე და სააკაშვილი იყო სრული შეურაცხადი! რამდენიმე კვირაში კი ომიც დაიწყო, ომი საქართველოში და მთელი ეს ილუზიები საპნის ბუშტივით გასკდა!

ასე, რომ საქართველო, ისევე როგორც უკრაინა, ნატოს წევრი სახელმწიფოები არ იქნებიან. ეს არის ამ თავგადასავლის დასასრული, მაგრამ როგორც ჩანს, კონგრესში ეს ჯერ არ იციან, ისინი ხომ რეალობას ემალებიან“, - განაცხადა ჯეფრი საქსმა.