დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი ეს იყო, არის და იქნება ჩვენი გზამკვლევი, ორიენტირი, რომელიც სულ მიგვითითებს და გვავალდებულებს, რომ მუდმივად უნდა ვიზრუნოთ, ვიღვაწოთ და ვიბრძოლოთ, თუ საჭიროა, ჩვენი დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის დაცვისთვის, – ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ფილოსოფოსმა, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ბათიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
„ეს არ არის რაღაც მზამზარეული ხელთმყოფი მოცემულობა, რომ ერთხელ მივიღეთ, ხელში გვიჭირავს, როგორც რაღაც ნივთი და ამიტომ შემიძლია, წყნარად ვიყო. ეს არის მუდმივი ამოცანა თან, რომელიც ჩვენ წინაშე დგას, მუდმივი ერთ-ერთი მთავარი მისია და ამოცანა, რომელსაც სჭირდება განმტკიცება, დაცვა და მუდმივი ზრუნვა“, – განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა.
მისი თქმით, სოციალ-დემოკრატები, ე.წ. მენშევიკები იყვნენ და ბოლშევიკები იყვნენ ერთი პარტიის ორი ფრაქცია და ისინი ერთად იყვნენ თვით 1917 წლის 25 ოქტომბრის გადატრიალებამდე.
„მერე მათ შორის უკვე დაძაბულობა და დაპირისპირება იყო, მაგრამ საქართველოს სოციალ-დემოკრატები, ვიდრე ბოლშევიკები მოვიდნენ ხელისუფლებაში რუსეთში, თავის თავს და არც საქართველოს არ იაზრებდნენ რუსეთის ფედერაციის შემადგენლობის გარეთ. მათ წარმოედგინათ, რომ საქართველო უნდა იყოს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში, ავტონომიის სახით. ისინი თავიანთ თავს იაზრებდნენ, როგორც რუსეთის ფედერაციის საერთო სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის ნაწილს. ესენი იყვნენ აბსოლუტურად მარქსისტულ იდეოლოგიაზე მდგომი პოლიტიკური ძალა, რომლისთვისაც უცხო იყო ყოველგვარი ეროვნულობა, ყოველგვარი ეროვნული, ყოველგვარი ქრისტიანული სარწმუნოება. ეს იყო ინტერნაციონალისტურ-ათეისტურ იდეოლოგიაზე მდგომი პოლიტიკური ძალა, რომელიც მაშინ მართავდა საქართველოს და სწორედ ამის გამო მათთვის ეს უცხო იყო, რასაც ჰქვია დამოუკიდებლობა, ეროვნული იდეა და ეს ყველაფერი. ამიტომ ისინი შინაგანად მოუმზადებელი აღმოჩნდნენ, რომ როცა საჭირო გახდა, სათანადოდ დაეცვათ ეს დამოუკიდებლობა; ისინი მოუმზადებლები აღმოჩნდნენ, ჯერ რომ განემტკიცებინათ ეს დამოუკიდებლობა და მერე, კრიტიკულ მომენტში, ყველაფერი გაეკეთებინათ დამოუკიდებლობის დაცვისთვის. ერთი, რაც კარგი გააკეთეს მათ, კაპიტულაციაზე არ მოუწერიათ ხელი. ამას დაემატა კიდევ ერთი მომენტი, რომ პირველ მსოფლიო ომში გერმანიის იმპერიის მარცხის შემდგომ ჩვენ ეს მოკავშირე დავკარგეთ და აღმოვჩნდით თავიდან ბოლომდე მტრულ გარემოცვაში, ყოველგვარი მოკავშირის გარეშე, ჩრდილოეთიდან საბჭოთა რუსეთი, აქეთ – თურქეთი და ბოლოს ეს დამთავრდა ოკუპაცია-ანექსიით, რომელიც განახორციელა საბჭოთა რუსეთმა“, – განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა.
მისი თქმით, ეს არის ისტორიის გაკვეთილი, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ.
„სამწუხაროდ, მაშინ, იმ წლებში სამოქალაქო საზოგადოებასაც არ ჰქონდა გათავისებული და გაშინაგანებული ეს დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, როგორც უზენაესი ღირებულება. დღეს უკვე სხვა ვითარებაა და ეს გვასწავლის, რომ დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, როგორც უზენაესი ღირებულება, უნდა შინაგანად გათავისებული ჰქონდეს ხალხსაც და ხელისუფლებასაც. მინდა, ობიექტურად ვთქვა, რომ, მადლობა ღმერთს, დღეს სწორედ ასეთი სიტუაცია გვაქვს ჩვენ, როდესაც ხალხს და ხელისუფლებას ეს შინაგანად გათავისებული აქვს და მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ხდება შეუძლებელი, რომ ხალხმა და ხელისუფლებამ დათმოს თავისი დამოუკიდებლობა, როგორც ეს მოხდა 1921 წელს. დღეს არავინ დათმობს ასე არც დამოუკიდებლობას და არც სუვერენიტეტს. ამავე დროს სახელმწიფოს მართებს რაციონალური, წინდახედული, რეალისტური პოლიტიკის გატარება; ღირებულებების დაცვა, რა თქმა უნდა, არის მარადიული მისია, მაგრამ, ამავე დროს, რეალისტური პოლიტიკა გულისხმობს მთელ რიგ კომპრომისებს, მოქნილობას და წინდახედულობას იმისთვის, რომ ჩვენ არ აღმოვჩნდეთ იზოლაციის მსგავს სიტუაციაში და არ აღმოვჩნდეთ რაღაც გაუგებარ მტრულ გარემოცვაში, როგორც ეს მაშინ მოხდა. მადლობა ღმერთს, ამ მხრივაც ჩვენ გაცილებით საიმედოდ გვაქვს საქმე, პოლიტიკური კურსი წარიმართება ისე, რომ სწორედ მთელი რიგი რეალიები იყოს გათვალისწინებული“, – განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს ახლა უწევს სიარული სცილასა და ქარიბდას შორის.
„ჩვენ დანის პირზე გვიწევს სიარული, ერთი მხრივ, გვიწევს ჩვენი ფუნდამენტური ღირებულებების დაცვა, რაზეც დგას სახელმწიფო და ესაა სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა, ქრისტიანული მრწამსი და ღირებულებები. ჩვენ უნდა მოვახდინოთ ამის უკომპრომისი დაცვა სხვადასხვა სახის ხელყოფისგან და სხვადასხვა მხრიდან მომავალი ხელყოფისგან, მაგრამ, ამავე დროს, გვმართებს ძალიან რეალისტური, წინდახედული პოლიტიკის გატარება, რომ არ აღმოჩნდეთ მართლაც რაღაც მტრულ გარემოცვაში და არ დავრჩეთ მარტო“, – განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა.









