თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი აცხადებს, რომ თურქეთის მთავრობა საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად, ადევნებს თვალს სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაციას.
ამის შესახებ ჰაკან ფიდანი სოციალურ ქსელ X-ში წერს.
„საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად, ჩვენ მჭიდროდ ვადევნებთ თვალს მიმდინარე სამძებრო და სამაშველო ოპერაციას სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავთან დაკავშირებით, რომელიც ჩამოვარდა აზერბაიჯანიდან ჩვენს ქვეყანაში დაბრუნებისას. ღმერთს ვთხოვ შენდობას ჩვენი მოწამეებისთვის და გამძლეობას მათი ოჯახებისა და ახლობლებისთვის. ნუგეში მიეცეს ჩვენს ერს“, – წერს ჰაკან ფიდანი.
სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. თვითმფრინავი აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით ასრულებდა რეისს.
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის
უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში ჩამოვარდა თურქული სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით ასრულებდა რეისს.
ამასთან, როგორც „საქაერონავიგაციაში“ განაცხადეს, თურქეთის C130 ტიპის საჰაერო ხომალდი რადარებიდან საქართველოს ტერიტორიის გადმოკვეთიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, განგაშის სიგნალის გადმოცემის გარეშე გაქრა, რის შემდეგადაც ძებნა-შველის სამუშაოები დაიწყო.
ამასთან, თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე თურქეთის „C-130“-ის ტიპის სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოვარდა.
მათივე ცნობით, თვითმფრინავის ბორტზე 20 სამხედრო იმყოფებოდა.








