„ალიანსად“ წოდებული რადიკალური ოპოზიციის მორიგი თავყრილობა ვფიქრობ, მალე დაიშლება, თუმცა გავა ჟამი და ისევ შემოსძახებენ და მოუწოდებენ მათი გარე პატრონები გაერთიანებისკენ და ჩვენც ვიხილავთ მორიგ ჯერზე „შეკვეთის“ შესრულების პროცესს, რომელსაც, ალბათ, დაარქმევენ „ხალხს ასე უნდა“, - განაცხადა პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ გრეტა წიწავამ.

მისი თქმით, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წევრები გარე პატრონებმა თუ არ დატუქსეს, უმუხრუჭოდ მოძრაობენ და ერთმანეთს უშვერი სიტყვებით ლანძღავენ.  

„ყველამ კარგად დავინახეთ 26 მაისის აქციაზე „ალიანსის“ ლიდერები - „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნები, რომლებიც იყვნენ დამგეგმავ-თანამონაწილეები მთელი რიგი ავი ამბებისა და შემაგულიანებლები მათი თანაგუნდელების მიერ განხორციელებული ტრაგიკული  ისტორიებისა, როგორიცაა - პატიმრების წამება, ბიზნესის რეკეტი, მედიის დარბევა, ოჯახების დაშინება. მერწმუნეთ , ყოველ ჯერზე შეგახსენებთ ამას. გამომსვლელებს ხმაში რიხი დიდად არ ჰქონდათ, მაგრამ  იქვე  მოვისმინეთ ერთმანეთის გადათვლის დიადი გეგმა   -   ფეისბუქზე  რომ უნდა დაეწერათ „საქართველო იმსახურებს უკეთესს“ .  შედეგმაც არ დააყოვნა და დიდი მარათონი გაიმართა სააკაშვილი - მელიას  შორის - მე ვარ ის უკეთესიო.  
კი არაფერი გვიკვირს კოლექტიური „ნაცმოძრაობისგან“ - გარე პატრონებმა  თუ არ დატუქსეს, ასე უმუხრუჭოდ მოძრაობენ.  ერთმანეთს  უშვერი სიტყვებით  ლანძღავენ და ალაგ-ალაგ წამოაყვედრებენ წარსულს, ვითომ ერთნი არ იყვნენ და ერთად არ სჩადიოდნენ ავ საქმეებს, ხელისუფლებაში ყოფნისას თუ შემდეგ ოპოზიციაში“, - განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ.

როგორც გრეტა წიწავამ აღნიშნა, გეოპოლიტიკიდან გამომდინარე ყველა კარგად ხედავს,  განსაკუთრებით ბოლო წლები, თუ რაოდენ  დიდი გამოწვევების წინაშეა ჩვენი რეგიონი.

„საქართველოს  ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ყველა ნაბიჯი იყო  და არის  გაჯერებული  ქვეყნის და ხალხის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით. ურმის გადაბრუნების გარეშე, ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის გაანალიზებით, ვხედავთ სწორ  გზას და ამ გზაზე ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ წინ. 
 აქ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება, ხალხი ხედავს  პოლიტიკურად თანმიმდევრული ვინ არის, ვინ ფიქრობს ქვეყანაში  მშვიდობაზე, ეკონომიკურ წინსვლაზე, სოფლებსა და ქალაქებში ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. რა თქმა უნდა, არის გამოწვევები,  მაგრამ არის მასზეც ადეკვატური  პასუხი და  სათანადოდ რეაგირება. არ არსებობს დემოკრატიული ქვეყანა, რომელსაც არ აქვს გამოწვევა და ჩვენც არ ვართ გამონაკლისები.
დიახ, ხალხი ხედავს ვინ როგორ იცავს საქართველოს ინტერესებს სხვადასხვა პლატფორმაზე - რადიკალური ოპოზიცია,  რომელიც ყველგან  ცდილობს ჩვენი ქვეყნის  და ინსტიტუციების იმიჯი შელახოს და „ქართული ოცნება“, რომლისთვისაც საქართველოს ინტერესი და  სუვერენიტეტის დაცვა არის უმთავრესი  და უპირველესი. 

საქართველო კი, იმსახურებს უკეთეს ქუჩის ოპოზიციას, მაგრამ გვყავს ასეთი  რადიკალური ოპოზიცია - რაცაა ესაა, რომელიც ერთმანეთს  უმტკიცებს,  ვისი ბაბლი უფრო ნაყოფიერია  კლავიატურის კაკუნში.  „ქართული ოცნების“ გუნდი კი, ტრადიციულად ხალხს ხვდება სოფელ-სოფელ, ქალაქ-ქალაქ, ისმენს მადლიერებას, გამოწვევასაც და ახალ სურვილებს, საჭიროებისამებრ, ხალხთან ერთად განიხილავს. ამიტომაც არის არჩევნებზე არჩევანის გაკეთება ადვილი. ვინ როგორია ყველაფერი დღესავით ნათელია“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ გრეტა წიწავამ.