საქართველო არის გამორჩეული ქვეყანა კონტინენტზე, რომელსაც ერთი მხრივ, აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან და მეორე მხრივ, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ჩინეთთან, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება თურქეთთან, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ „ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს“ დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა.

მისივე თქმით, მსოფლიოში განვითარებული მოვლენების ფონზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება სტაბილური სავაჭრო მიწოდების ჯაჭვების უზრუნველყოფა და ამ კუთხით შუა დერეფანი კიდევ უფრო დიდ დატვირთვას იძენს ერთის მხრივ, ევროკავშირისთვის და მეორე მხრივ, აზიისთვის.

აბაშიშვილმა ასევე ისაუბრა საქართველო-აზერბაიჯანს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზეც.

„ფაქტობრივად საქართველომ და აზერბაიჯანმა მათი ამ უმნიშვნელოვანესი თანამშრომლობის კიდევ ერთხელ ხაზგასმით დააფიქსირეს, რომ ისინი მზად არიან ასევე უზრუნველყონ ამ რთულ ვითარებაში და ნებისმიერ დროს ევროკავშირის ენერგეტიკული, ეკონომიკური და ლოგისტიკური მიწოდების ჯაჭვების უსაფრთხოების კუთხით ყველა შესაბამისი მიმართულება“, - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

„ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს“ დამფუძნებელმა განმარტა შუა დერეფნის მნიშვნელობაც.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ შუა დერეფანთან დაკავშირებით და ტვირთების გადაადგილების ჭრილში ევროკავშირის მიმართულებით, აქ აუცილებლად ხაზი უნდა გავუსვათ თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს პარტნიორობას ჩინეთთან. იმ მაღალი დონის პოლიტიკურმა ვიზიტებმა, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენ ვიხილეთ, როგორც ეს იყო ეკონომიკის მინისტრის და შემდგომ უკვე ახლა პარლამენტის თავმჯდომარეს, სრულიად სხვა დონეზე გადაიყვანა, სრულიად სხვა რეალობაში გადაიყვანა საქართველო-ჩინეთის პოლიტიკური და თანმდევი, უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური თანამშრომლობა.

შუა დერეფანი, როგორც წამყვანი, დამაკავშირებელი ევროპასა და აზიას შორის და ამავდროულად სტაბილური და უსაფრთხო დერეფანი, აღიარებულია ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მხრიდან. საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი თუ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, რომელიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ანიჭებს შუა დერეფანს და განსაკუთრებულ ყურადღებას არ უთმობს მას.

მინიმალური რჩევა, რომელიც იქნებოდა ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც შუა დერეფნის დაკნინებას ცდილობს, იქნებოდა ორი: პირველი, ეს იქნებოდა გლობუსის ან რუკის ცოდნა და მეორე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და ასევე ევროკავშირის ძირითადი დოკუმენტების ერთხელ მაინც სათაურების ჭრილში მაინც გადახედვა“, - თქვა აბაშიშვილმა.