აქციების დროს ჯანმრთელობისთვის საშიში არანაირი ნივთიერება არ ყოფილა შსს-ს მხრიდან გამოყენებული, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
მედიის კითხვაზე, იყო თუ არა 2024 წლის აქციებზე წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გარდა, იყო თუ არა რაიმე სხვა გამოყენებული? გეკა გელაძემ განაცხადა.
„კიდევ ერთხელ ვამბობ, რამდენიმე ადამიანმა ერთმანეთში იჭორავა, ისაუბრა. ყველა ნივთიერება, რომელიც იქნა გამოყენებული სხვადასხვა აქციის დაშლის პროცესში, არის კანონიერად ნაყიდი სხვადასხვა მსხვილი კომპანიის მხრიდან, რომლებიც აპრობირებულია ყველა წამყვან ქვეყანაში, – განაცხადა გეკა გელაძემ.
გეკა გელაძეს ასევე კითხვა დაუსვეს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებაზე, სადაც გომელაურმა აღნიშნა: „ნივთიერებებს, რომელზეც არის საუბარი, შსს 2012 წლამდე იყენებდა, შემიძლია, მთელი პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ „ნაცებმა“ კატა გამოთხარეს “.
„ბატონი ვახტანგი რასაც გულისხმობდა – 2009 წელს არის სხვადასხვა ნივთიერება შესყიდული. გაგიცრუვდათ იმედები და ეს არ არის „კამიტი““, – განუცხადა გეკა გელაძემ ჟურნალისტებს.
ასევე შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველოში არასდროს შესყიდულა ნივთიერება "კამიტი"
„რამდენიმე ადამიანმა ერთმანეთში იჭორავა და ამაზე რაღაც პროცესები აიგო. კიდევ ერთხელ დარწმუნებით, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ არ არსებობს საქართველოში, არასდროს შესყიდულა აღნიშნული ნივთიერება, ე.წ. კამიტი. შემიძლია, ყველა დოკუმენტაცია გადავცე გამოძიებას. 2009 წელს იყო სხვადასხვა სახის რამდენიმე ნივთიერება შესყიდული და არა „კამიტი.
მე პირადად გავეცანი ყველა დოკუმენტაციას, ყველა შესყიდვას, რომელიც განხორციელებულა ამ მიმართულებით. სრული პასუხისმგებლობით და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოში შსს-ს არასდროს შეუსყიდია ე.წ. კამიტი. მოგეხსენებათ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო გამოძიება. რა თქმა უნდა, დაინიშნება ყველა შესაბამისი ექსპერტიზა. გამოიკითხება ყველა ადამიანი და აბსოლუტურად ყველაფერს პასუხები გაეცემა“, – განაცხადა გეკა გელაძემ.
შეგახსენებთ, ექიმი კონსტანტინე ჩახუნაშვილი, რომელიც ოპოზიციის აქციების ერთ-ერთი აქტიური მონაწილეა და რომლის მამაც 4 ოქტომბრის “ხელისუფლების დამხობის” პროცესში მონაწილეობდა, გადაცემა “360 გრადუსში” BBC-ის სტატიაზე და მათ მიერ ჩატარებული კვლევის შესახებ ისაუბრა, ჩახუნაშვილის თქმით, "კამიტი"-ს შემადგენლობას, ანტიდოტს, რა ეფექტები აქვს, ამის ლიტერატურას თავიდან ბოლომდე ვერ გავეცანი-კვლევას მიეწერა, რომ ჩვენს საფუძველზე გასკდა ეს ამბავი
ცნობისთვის, „ბიბისიმ“ გამოაქვეყნა მასალა, სათაურით: „„ბიბისის“ მტკიცებულებების თანახმად, ქართველი დემონსტრანტების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს“. კერძოდ, „ბიბისი“ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენებაზე საუბრობს. მედიასაშუალება წყაროდ ასახელებს პედიატრ კონსტანტინე ჩახუნაშვილს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ლაშა შერგელაშვილს, ექსპერტ კრისტოფერ ჰოლშტეგეს. რესპონდენტები არიან აგრეთვე ეკა გიგაური და გიორგი ბაჩიაშვილი. „ბიბისის“ მასალაში ლაშა შერგელაშვილი აცხადებს, რომ, „მისი აზრით, ეს იგივე ნივთიერებაა, რომლის გამოცდაც მას წყლის ჭავლისთვის 2009 წელს სთხოვეს“. ამასთან, „ბიბისის“ ცნობით, „გამოძიების შედეგებს საქართველოს ხელისუფლებაში აბსურდული უწოდეს და განაცხადეს, რომ პოლიციამ კანონიერად იმოქმედა სასტიკი დამნაშავეების უკანონო ქმედებების საპასუხოდ“.










