უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის, სემენ კრივონოსის განცხადებით, „ენერგოატომის“ კორუფციული სკანდალის ერთ-ერთი ფიგურანტი ბიზნესმენი და „კვარტალ 95-ის“ თანამფლობელი ტიმურ მინდიჩია.

კრივონოსმა იმედი გამოთქვა, რომ ტიმურ მინდიჩს უკრაინაში გაასამართლებენ.

ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორმა განაცხადა, რომ დაახლოებით 2-2.5 წლის წინ ბიუროს დეტექტივებმა დაიწყეს ინფორმაციის შეგროვება ე.წ. „ბექ-ოფისების“ შესახებ, რომლებიც სახსრების გასათეთრებლად გამოიყენებოდა.

„ეს არის ორგანიზებული ბინები, ოფისები ან ნებისმიერი სხვა შენობა-ნაგებობა, სადაც იმართება შეხვედრები და დისკუსიები სამთავრობო უწყებებზე ზემოქმედების, კონტრაქტების დადების და შემდეგ უკანონო მოგების ნაწილის ამ ოფისში შემდგომი განაწილებისთვის. ახლა ფინანსური გამოძიების ფაზაში გადავდივართ. ახლა უნდა დავაკვირდეთ თანხების მოძრაობას სახელმწიფო ან კერძო ბანკების მეშვეობით და თანხების გადაადგილებას საზღვარგარეთ. ჩვენი ინფორმაციით, ისინი ხშირად იყენებდნენ კრიპტოვალუტას, რაც ამ ამბავს კიდევ უფრო გაართულებს“, – განაცხადა სემენ კრივონოსმა.

უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა ასევე დაადასტურა, რომ საქმის კიდევ ერთი მონაწილეა ტიმურ მინდიჩის ფინანსისტი, ალექსანდრე ცუკერმანი. სემენ კრივონოსის მტკიცებით, უკრაინაში მათ ჩასაყვანად საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება.

„არამგონია, ამ ორ თანაორგანიზატორს მთელი ცხოვრების ისრაელში გატარება მოუნდეს. თუ ყველა საჭირო ზომა იქნება მიღებული, შესაძლოა, კურშეველში (სამთო კურორტი საფრანგეთის ალპებში) ჩასვლა მოუნდეთ. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ეს პირები მართლმსაჯულების წინაშე წარდგებიან“, – განაცხადა კრივონოსმა.

თარგმანი: პირველი არხი