8 დეკემბერს ტაილანდმა კამბოჯის სამხედრო ობიექტებზე საჰაერო იერიშები წამოიწყო მას შემდეგ, რაც საზღვარზე მხარეებს შორის შეტაკებებს მსხვერპლი მოჰყვა. აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ორივე სახელმწიფო ერთმანეთს ადანაშაულებს.

ტაილანდის არმიის სპიკერის თქმით, ახალი შეტაკებების შედეგად, სულ მცირე, ორი ტაილანდელი სამხედრო ემსხვერპლა, ხოლო რვა დაშავდა, რის შემდეგაც კამბოჯის სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ საჰაერო იერიშების წამოწყების გადაწყვეტილება მიიღეს.

ამასთან, ტაილანდის საჰაერო ძალებმა განაცხადა, რომ კამბოჯამ მძიმე შეიარაღების მობილიზება და საბრძოლო დანაყოფების გადალაგება დაიწყო, რაც შესაძლოა, სამხედრო მოქმედებებში გადაიზარდოს.

თავის მხრივ, კამბოჯის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ორდღიანი პროვოკაციული ქმედებების შემდეგ, ტაილანდის არმიამ დილის საათებში საჰაერო იერიშები წამოიწყო. სამინისტროს მიხედვით, კამბოჯის სამხედროებს ამ ქმედებისთვის პასუხი არ გაუციათ.

ამავდროულად, კამბოჯის გავლენიანმა ყოფილმა ლიდერმა, ჰუნ სენმა, რომელიც ქვეყნის ახლანდელი პრემიერის მამაა, თქვა, რომ ტაილანდის არმია "აგრესორია," რომელსაც საპასუხო ნაბიჯების პროვოცირება სურს და კამბოჯის ძალებს თავშეკავებისკენ მოუწოდა.

ტაილანდი და კამბოჯა ცეცხლის შეწყვეტაზე მიმდინარე წლის ივლისში მას შემდეგ შეთანხმდნენ, რაც მხარეებს შორის ხუთდღიანი კონფლიქტის შედეგად, სულ მცირე, 33 ადამიანი დაიღუპა. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადებამდე აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ორივე ქვეყნის პრემიერმინისტრებს ელაპარაკა და მათ საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა.