რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც მიზნად ისახავს, აკრძალოს ისეთი მასალების გავრცელება, რომელიც, რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, "ახდენს არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების ხელშეწყობის, პედოფილიის, სქესის შეცვლის პროპაგანდას".

ცვლილებები შევიდა "საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინფორმაციის დაცვის შესახებ" კანონში, ასევე "რუსეთის ფედერაციის კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ" კანონის 5.1 მუხლის მეოთხე ნაწილში.

ამიერიდან ფილმი, რომელშიც რუსეთის ხელისუფლება დაინახავს ასეთ "პროპაგანდას", ვერ მიიღებს გავრცელების სერტიფიკატს.

ცალკე აკრძალულია მსგავსი ინფორმაციის გავრცელება არასრულწლოვანთა შორის, ასევე დამტკიცებულია ჯარიმები.

ცვლილებების ავტორები იყვნენ სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინი და 300-ზე მეტი დეპუტატი.

მანამდე, 24 ნოემბერს, სახელმწიფო სათათბიროს მესამე მოსმენით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები მიიღეს.

ამრიგად, "არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების პროპაგანდის" აკრძალვის დარღვევისთვის მოქალაქეებისთვის ჯარიმა 50 000-დან 400 000 რუბლამდეა, თანამდებობის პირებისთვის 100 000-დან 800 000-მდე, და იურიდიული პირებისთვის 800 000-დან 5 მილიონამდე, ან საქმიანობის შეჩერება 90 დღემდე.

"პედოფილიის პროპაგანდის" აკრძალვის დარღვევისთვის ჯარიმა მოქალაქეებისთვის 200 000-დან 800 000 რუბლამდეა, თანამდებობის პირებისთვის 400 000-დან 2 მილიონამდე, ხოლო იურიდიული პირებისთვის 1 მილიონიდან 10 მილიონ რუბლამდე ან საქმიანობის შეჩერება 90 დღემდე.

არასრულწლოვანთა შორის ინფორმაციის გავრცელებისთვის, რომ "მათ სქესის შეცვლა შეუძლიათ", ჯარიმა 50 ათასიდან 200 ათას რუბლამდეა, 100 ათასიდან 400 ათასამდე - თანამდებობის პირებისთვის, იურიდიული პირებისთვის კი 800 ათასი რუბლიდან 4 მილიონ რუბლამდე ან საქმიანობის შეჩერება 90 დღემდე.

დეპუტატებმა უარყვეს აკრძალვების განმეორებით დარღვევისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესების წინადადება, მაგრამ, პარლამენტარების კომენტარებით თუ ვიმსჯელებთ, მათ ეს იდეა სრულად არ უარუყვიათ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მანამდე რუს კანონმდებლებს მოუწოდა, უარი ეთქვათ კანონპროექტზე, რომელიც აკრძალავს ლგბტ "პროპაგანდას" რუსეთში. "რუსული აკრძალვის შემოთავაზებული გაფართოება ჰომო და ბისექსუალი, ასევე ტრანსგენდერი, ინტერსექს და ქვიარ ადამიანების (LGBTQI + ჯგუფი) შესახებ, მორიგი სერიოზული დარტყმა იქნება გამოხატვის თავისუფლებისა და ლგბტქი+ უფლებებისთვის რუსეთში", - განაცხადა მან.