რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსულ ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებზე (ნგქ)უკრაინის დარტყმებმა ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) დაახლოებით 1 პროცენტის დაკარგვა გამოიწვია. ამის შესახებ მან საერთაშორისო სადისკუსიო კლუბ "ვალდაის" პლენარულ სესიაზე გამოსვლისას განაცხადა.
პუტინის თქმით, უკრაინის მხრიდან ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების მიზანი რუსული ეკონომიკისთვის ზიანის მიყენება იყო. "მიაღწიეს მიზანს? ნაწილობრივ", — აღიარა რუსეთის პრეზიდენტმა. მან ასევე განაცხადა, რომ მოსკოვი საპასუხოდ დარტყმებს აყენებს იმ ობიექტებს, რომლებიც, მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია უკრაინული ეკონომიკისთვის.
ერთ-ერთ შედეგად მან დაასახელა უკრაინის მეტალურგიული დარგის საქმიანობის ფაქტობრივი შეჩერება, რომელიც, მისი მტკიცებით, შეიარაღების წარმოებისთვისაც გამოიყენება.
ბოლო თვეებში რუსულ ნგქ-ებზე განხორციელებულმა დარტყმებმა საწვავის გამოშვების შეფერხება გამოიწვია. Reuters-ის მონაცემებით, დიზელის ექვსი უმსხვილესი რუსი მწარმოებელი მისი გამოშვების დაახლოებით ნახევარს უზრუნველყოფდა, თუმცა სექტემბერში ამ საწარმოებიდან რამდენიმემ მნიშვნელოვნად შეამცირა წარმოება ან სრულად გაჩერდა.
კირიშის ნგქ-მ მუშაობა სრულად შეწყვიტა, ხოლო ვოლგოგრადის ნგქ და საწარმო NORSI ნომინალური სიმძლავრის დაახლოებით მეოთხედით ფუნქციონირებდნენ. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო 2026 წლის პირველი რვა თვის განმავლობაში, საშუალოდ, სამ დღეში ერთხელ აფიქსირებდა რუსული ნგქ-ების წარმატებულ დაზიანებას.
საწარმოებში შეფერხებები გახდა რუსეთიდან საწვავის ექსპორტის შეზღუდვის ერთ-ერთი მიზეზი. 30 სექტემბერს Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის მთავრობამ დიზელის ექსპორტის აკრძალვა ოქტომბრის ბოლომდე გაახანგრძლივა, მაშინ როცა მანამდე შეზღუდვები საწვავის დეფიციტისა და შიდა ფასების ზრდის ფონზე უკვე რამდენჯერმე დაწესდა.




