უკრაინაზე, ბოლო რამდენიმე ათეული საათის განმავლობაში, კვლავ დიდი თავდასხმები ხორციელდება. რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ბომბავს, უკრაინა კი, დიდ წინააღმდეგობას უწევს. 

რუსეთმა უნდა დატოვოს უკრაინის ტერიტორია, რუსეთმა უნდა შეაჩეროს ეს ომი. - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდამ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ,   ერთობლივი პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ჩემთვის უდიდესი პატივია, ამ რთულ დროს, უკრაიანის წინააღმდეგ რუსული აგრესიის პირობებში, ვუმასპინძლო საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს.

ეს, ალბათ, არავისთვისაა საიდუმლო, რომ ჩვენი საერთო ევროპული უსაფრთხოება საფრთხის ქვეშაა. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია პოლონეთისა და საქართველოს ტრადიციული და მეგობრული ურთიერთობები.

ქალბატონ პრეზიდენტს უდიდესი მადლობა გადავუხადე მისი იმ პოზიციის გამო, რომელსაც ის ამჟღავნებს და აფიქსირებს მიმდინარე რუსულ აგრესიასთან დაკავშირებით, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ისეთი ქვეყნების მხრიდანაც, რომლებიც ასევე არიან რუსული აგრესიის მსხვერპლნი.

ასეთი პოზიციის დაფიქსირება ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩემი დიდი მოწიწება და პატივისცემა მინდა გამოვხატო ქალბატონი პრეზიდენტის მიმართ, რომელიც ევროპის ჩვენს ნაწილში მდებარე იმ ქვეყნის პრეზიდენტია, რომელიც ისტორიულად და გეოგრაფიულად ხვდება, რა დიდი საფრთხეების შემცველია რუსული აგრესია არა მხოლოდ უკრაინის, პოლონეთისა და საქართველოსთვის. ამიტომ მე ძალიან მადლობელი ვარ ქალბატონი პრეზიდენტის მისი პოზიციის ღიად, არაერთხელ დაფიქსირების გამო.

პოლონელები ძალიან დიდ პატივს სცემენ საქართველოს. გვახსოვს, როგორ იცავდა საქართველო თავის ტერიტორიებს 2008 წელს. ჩვენმა პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ თავისი ღია პოზიცია დააფიქსირა 2008 წელს, როდესაც საქართველოში ჩავიდა და საქართველოს მხარდასაჭერ აქციაში მიიღო მონაწილეობა. მისი განცხადება მაშინ, ამ აქციაზე, შეიძლება ითქვას, წინასწარმეტყველური იყო. მან თქვა, დღეს საქართველო, ხვალ უკრაინა, შემდეგ ბალტიის ქვეყნები და ამ აგრესიულ ისტორიაში შემდეგ პოლონეთის რიგიც დადგებაო, და პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ უკვე მაშინ განაცხადა, რომ თუ ჩვენ არ გავაჩერებთ რუსეთს, საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას,  ეს აგრესია უფრო დიდ მასშტაბს მიიღებს და თუ საერთაშორისო საზოგადოებამ არ გაუწია წინააღმდეგობა ამ აგრესიას, ის უფრო ფართო მასშტაბს მიიღებს.

მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ქალბატონ პრეზიდენტს, რომელიც უკრაინისათვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის  საკითხში მონაწილეობს, როგორც საქართველოს მხარე.

ჩვენ ყველანაირ, მათ შორის, სამხედრო დახმარებას ვუწევთ უკრაინას, რადგან ახლა აუცილებელია, რომ უკრაინამ რუსეთის აგრესიისგან თავი დაიცვას.

უკრაინაზე, ბოლო რამდენიმე ათეული საათის განმავლობაში, კვლავ დიდი თავდასხმები ხორციელდება. რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ბომბავს, უკრაინა კი, დიდ წინააღმდეგობას უწევს.

რუსეთმა უნდა დატოვოს უკრაინის ტერიტორია, რუსეთმა უნდა შეაჩეროს ეს ომი.

ჩვენ ვიცით, რომ თავისუფალი, დამოუკიდებელი ქვეყნები მხარს უჭერენ უკრაინას და იმედი გვაქვს, რომ  რუსეთი მალე დამარცხდება და დააბრუნებს იმ ტერიტორიებს, რომლებიც მან დაიპყრო არა მარტო უკრაინაში, არამედ სხვა ქვეყნებში. ეს საკითხი ასევე შეეხება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს. იმედია, რუსეთი დამარცხდება და ამ ტერიტორიებს დააბრუნებს.

მე, როგორც პოლონეთის პრეზიდენტმა, ქალბატონ პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დავუდასტურე პოლონეთის განუხრელი მხარდაჭერა საქართველოს ევრო და ჩრდილოატლანტიკური მისწრაფებების საკითხში. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საქართველო არც თუ ისე დიდი ხნის შემდეგ მიიღებს სტატუსს, იქნება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა და ასევე, შევა ნატოში.

პოლონეთი ყოველთვის მხარს უჭერდა  და კვლავ დაუჭერს  საქართველოს ამ მისწრაფებებს. ეს ჩვენი, საერთო უსაფრთხოების საკითხია. ევროკავშირსა და ნატოში გაერთიანება საქართველოს უფრო მეტ კარგ პირობებს მისცემს ეკონომიკური განვითარებისა და პოლიტიკური უსაფრთხოების მოსაპოვებლად.

კიდევ ერთხელ, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ქალბატონ პრეზიდენტს ჩამობრძანებისთვის. დიდი მადლობა!" - განაცხადა პოლონეთის პეზიდენტმა.