ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა, რომ რუსეთი მთელი მსოფლიოსთვის საფრთხედ რჩება, სანამ ქვეყანაში ამჟამინდელი რეჟიმია. ამის შესახებ მან ვილნიუსის ყოველწლიურ რუსულ ფორუმზე განაცხადა.

"რუსეთისგან, კრემლის ამ რეჟიმის პირობებში მომდინარე საფრთხე ისევ არსებობს, სანამ ეს რეჟიმი ხელისუფლებაშია, ევროპასა და მსოფლიოში ვერავინ იგრძნობს თავს უსაფრთხოდ", - განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, შექმნილ ვითარებაში მნიშვნელოვანია უკრაინის ყოვლისმომცველი დახმარების გაგრძელება.

"თუმცა, ამავდროულად, ჩვენ გვინდა ვიხილოთ აქტიური ოპოზიცია ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ არა მხოლოდ საზღვარგარეთ, არამედ თავად რუსეთშიც, რომელსაც არა მხოლოდ სურს, არამედ ისწრაფვის ცვლილებებისკენ რუსეთის პოლიტიკურ სისტემაში. ეს ერთადერთი რეალური გზაა. მხოლოდ ასე შეიძლება გამოჩნდეს პუტინის რეჟიმის ალტერნატივა, რასაც ახლა ვერ ვხედავთ", - აღნიშნა ლანდსბერგისმა.

მანამდე, ბრიტანეთის საჰაერო ძალების შტაბის უფროსმა მაიკ უიგსტონმა განაცხადა, რომ რუსეთი "შურისძიებას ეცდება", თუ ის უკრაინაში ომს წააგებს და დიდ ბრიტანეთს პირდაპირ საფრთხეს შეუქმნის.