ამის შესახებ თურქეთის საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან.
„ხორვატიის ქალაქ სენისთან ახლოს აღმოაჩინეს სატყეო მეურნეობის გენერალური დირექტორატის კუთვნილი სახანძრო თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელთანაც რადიოკავშირი დაიკარგა. ვუსამძიმრებ ამ ტრაგიკულ ავარიაში დაღუპული ჩვენი პილოტის ოჯახსა და მეგობრებს“, - დაწერა სოციალურ ქსელში თურქეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა იბრაჰიმ იუმაქლიმ
მანამდე, მთავარმა დირექტორატმა განაცხადა: „სატყეო მეურნეობის მთავარი დირექტორატის კუთვნილი ორი AT802 სახანძრო თვითმფრინავი ოთხშაბათს, 12 ნოემბერს, დილის 10:24 საათზე, ჩანაქკალედან ხორვატიის ქალაქ ზაგრების მიმართულებით, დაგეგმილი ტექნიკური მომსახურებისთვის გაფრინდა. ამინდის პირობების გამო, ორივე თვითმფრინავი ხორვატიის ქალაქ რიეკას აეროპორტში დარჩა. 13 ნოემბერს, თურქეთის დროით საღამოს 5:38 საათზე, თვითმფრინავები ზაგრების აეროპორტის მიმართულებით გაფრინდნენ, თუმცა ამინდის პირობების გამო რიეკაში დაბრუნება მოუწიათ. დაბრუნების ფრენის დროს ერთი თვითმფრინავი რიეკას აეროპორტში უსაფრთხოდ დაეშვა, მეორე თვითმფრინავთან კავშირი კი თურქეთის დროით საღამოს 6:25 საათზე დაიკარგა. პილოტისა და თვითმფრინავის ადგილსამყოფლის დასადგენად ხორვატიის ხელისუფლებასთან კოორდინაციით, სამაშველო სამუშაოები დაიწყო“.




