დასავლეთ ინდოეთში, გუჯარატში, გოდრას სამმართველოს წინ მწკრივად დგას 11 შუახნის მამაკაცი. ისინი ახლახან გაათავისუფლეს 14 წლიანი პატიმრობის შემდეგ ინდოეთის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი დანაშაულისთვის.
აგვისტოში მათი გათავისუფლების შემდეგ - ინდოეთის დამოუკიდებლობის დღეს - მამაკაცები მიმოიფანტნენ მთელ ქვეყანაში. მაგრამ არის ერთი ადამიანი, რომელიც ვერასოდეს გაექცევა 20 წლის წინ მომხდარი თავდასხმის შედეგებს - ბილკის ბანო, რომელიც სულ რაღაც 21 წლის და ორსულად იყო, როცა იგი ჯგუფურად გააუპატიურა ამ დაჯგუფებამ, რომელმაც მოკლა მისი ოჯახის 14 წევრი, მათ შორის 3 წლის ქალიშვილი. ბანომ ადვოკატის მეშვეობით გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მას არ ჰქონია კონსულტაცია ამ გადაწყვეტილების შესახებ და ამან შეარყია მისი რწმენა სამართლიანობისადმი. კაცების გათავისუფლების რეკომენდაცია გაკეთდა გუჯარატის მთავრობის მიერ დანიშნული მრჩეველთა პანელის მიერ, რომელსაც ხელმძღვანელობდა ნარენდრა მოდის Bharatiya Janata Party (BJP). კრიტიკოსები ამბობენ, რომ გადაწყვეტილება იყო სავსე პოლიტიკით, მიზოგინიითა და რელიგიური დისკრიმინაციით. ზოგიერთმა დეპუტატმა და აქტივისტმა მიმართა უზენაეს სასამართლოს მამაკაცების ხელახალი დაპატიმრების მოთხოვნით. ბანოს ბრძოლა სამართლიანობისთვის 2002 წლით თარიღდება, როდესაც გუჯარატში მრავალსაუკუნოვანი განხეთქილება დაიწყო ინდუსებსა და მუსლიმებს შორის. იმ დროს ინდუისტურმა ბრბომ ცეცხლი წაუკიდა მუსლიმთა სახლებსა და მაღაზიებს გოდრას მახლობლად მატარებლის აფეთქების საპასუხოდ, რამაც ათობით ინდუისტი აქტივისტი იმსხვერპლა და ამაში მუსლიმები დაადანაშაულეს. აქტივისტები იბრძოდნენ ტაძრის ასაშენებლად აიოდჰიაში, ბაბრი მასჯიდის მეჩეთის ადგილზე. გამოძიებამ დაადგინა, რომ მოდი - მაშინდელი გუჯარატის მთავარი მინისტრი - არ იყო დამნაშავე 2002 წელს მომხდარ არეულობებში, რომლებმაც 1000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, მათ შორის ბანოს ოჯახი. მოგვიანებით ბანომ სასამართლოს განუცხადა, რომ მამაკაცები მათკენ ხმლებით, ჯოხებითა და ნამგლებით მირბოდნენ. სასამართლოს დოკუმენტების თანახმად, ერთ-ერთმა მისი მცირეწლოვანი ქალიშვილი ხელში აიტაცა და მიწაზე დაანარცხა. სამმა მამაკაცმა გააუპატიურა იგი, დანარჩენები კი თავს დაესხნენ დებს, დეიდებს და მათ ქალიშვილებს. იგი უგონოდ დაეცა და რამდენიმე საათის შემდეგ მოვიდა გონს. 2008 წელს, გახმაურებული სასამართლო პროცესის შემდეგ, მასზე თავდამსხმელებს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს გაუპატიურებისა და მკვლელობისთვის. მაგრამ ამ აგვისტოში, შტატის მთავრობამ მათ რემისია მიანიჭა, ინდოეთის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დებულების მიხედვით, რომელიც საშუალებას აძლევს პატიმრებს, გათავისუფლდნენ 14 წლის შემდეგ. უზენაესმა სასამართლომ როლი ითამაშა პატიმრების გათავისუფლებაში და ახლა გადაწყვეტს, დაკმაყოფილდეს თუ გაუქმდეს, სასამართლოს უფროსი ადვოკატის სანჯაი ჰეგდეს თქმით. მან თქვა, რომ სასამართლომ ადრე დაავალა ხელისუფლებას, განეხილათ პატიმართა საჩივარი შეწყალების შესახებ 1992 წლის რემისიის პოლიტიკის მიხედვით. ეს პოლიტიკა ყველა პატიმარს უფლებას აძლევდა, მოეთხოვა რემისია 14 წლის შემდეგ, მიუხედავად იმისა, თუ რა დანაშაული ჩაიდინეს. წესები გამკაცრდა 2014 წელს, რის გამოც ზოგიერთ კრიმინალს, მათ შორის მოძალადეებს და მკვლელებს, არ ეკუთვნით ვადაზე ადრე გათავისუფლება. გუჯარატის დამატებითმა მთავარმა მდივანმა რაჯ კუმარმა განაცხადა, რომ მამაკაცები გაათავისუფლეს იმ წესებით, რომლებიც მოქმედებდა მათი ნასამართლობის დროს. მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთში კასტური სისტემა უკვე დიდი ხანია აკრძალულია, სოციალური იერარქიის ტრადიციული სისტემა ინდუს ბრაჰმანებს სხვა კასტებზე მაღლა აყენებს - განსაკუთრებით კი მუსლიმებზე მაღლა. მოდის ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო რვა წლის განმავლობაში, ბევრი მუსლიმანი ამბობს, რომ რელიგიური შეუწყნარებლობა უფრო გამოხატული გახდა და მუსლიმების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები უფრო ხშირია. "მას შემდეგ, რაც ინციდენტი მოხდა, ჩვენ მოგვიწია სოფლის დატოვება, მაგრამ დღესაც იქ 150-მდე მუსლიმი ოჯახი ცხოვრობს", - ამბობს CNN-თან საუბრისას ბანოს ქმარი. "ყველა მათგანი შეშინებულია. ისინი გრძნობენ, რომ ეს ადამიანები მათ უბედურებას მოუტანენ, რადგან ისინი ახლა თავისუფალი არიან". მთელს ინდოეთში გაიმართა საპროტესტო აქციები ბანოს მხარდასაჭერად, დაგმეს გადაწყვეტილება, როგორც თავდასხმა არა მხოლოდ მუსლიმებზე, არამედ ქალთა უფლებებზე ქვეყანაში, სადაც მთავრობის მონაცემები აჩვენებს, რომ ქეყანაში ქალს ყოველ 17 წუთში აუპატიურებენ. ზოგიერთმა თავდამსხმელების გათავისუფლება განიხილა, როგორც BJP-ის მხარდამჭერების ხმების მიზანმიმართული გამოხმაურება გუჯარატის შტატის არჩევნების წინ. "მესიჯი, რომელსაც გუჯარატის მთავრობა უგზავნის თავის ამომრჩევლებს, არის ის, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ მამაკაცებს, რომლებმაც გააუპატიურეს მუსლიმი ქალები 2002 წლის არეულობებში", - განაცხადა აქტივისტმა კავიტა კრიშნანმა. კრიტიკოსები ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილება ასახავს ქალთა უფლებების შესახებ მთავრობის მესიჯებსა და ქალების უმეტესობის ყოველდღიურ რეალობას. მამაკაცები გაათავისუფლეს დამოუკიდებლობის დღეს, იმავე დღეს, როდესაც მოდიმ მიმართა ერს დელიში, ისტორიულ წითელ ფორტზე, ტრიბუნიდან და მოუწოდა თავის თანამემამულეებს, გამოეჩინათ ქალების პატივისცემა. "მათ მიმართ პატივისცემის გრძნობა უნდა იყოს და ამაში მთავრობამ, ადმინისტრაციამ, პოლიციამ და მართლმსაჯულების სისტემამ თავიანთი მოვალეობა (100) პროცენტით უნდა შეასრულონ. ჩვენ უნდა მივიღოთ ეს რეზოლუცია", - თქვა მოდიმ.