გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, იოჰან ვადეფულის სირიაში ვიზიტიდან მალევე, კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ქვეყნის დროებითი პრეზიდენტი გერმანიაში მიიწვია. ამის შესახებ Spiegel იუწყება.

მოწვევის მიზეზი მერცის სურვილია, აჰმედ ალ-შარაასთან განიხილოს სირიელი დამნაშავეების გერმანიიდან დეპორტაცია.

"სირიაში სამოქალაქო ომი დასრულდა. ახლა გერმანიაში თავშესაფრის მინიჭების არანაირი საფუძველი არ არსებობს და ამიტომ შეგვიძლია დეპორტაციები დავიწყოთ", - განაცხადა მერცმა.

მისი თქმით, გერმანია მონაწილეობას მიიღებს ქვეყანაში სიტუაციის სტაბილიზაციაში. მან ასევე გამოთქვა რწმენა, რომ სირიელი ლტოლვილების მნიშვნელოვანი ნაწილი ნებაყოფლობით დაბრუნდება.

მათ გარეშე სირიის რეკონსტრუქცია შეუძლებელი იქნებოდა, თქვა მერცმა.

მისივე თქმით, ვინც გერმანიაში ყოფნის დროს ქვეყანაში დაბრუნებაზე უარი თქვა, მათი დეპორტაცია უახლოეს მომავალში იქნება შესაძლებელი.