ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტზე შეთანხმდნენ, - ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოში ბელგიის თავმჯდომარეობა იტყობინება.
„ახლახან, ევროკავშირის ელჩები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის საპასუხოდ, სანქციების ძლიერ და არსებით მე-14 პაკეტზე შეთანხმდნენ. აღნიშნული პაკეტი მიზანმიმართულ ახალ ზომებს ითვალისწინებს და ხვრელების დახურვით არსებული სანქციების ზემოქმედებას მაქსიმალურად ზრდის“, - ნათქვამია განცხადებაში.
სანქციების მე-14 პაკეტს ევროკავშირის ელჩები ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში განიხილავდნენ და როგორც იტყობინებიან, ფერხდებოდა გერმანიის პოზიციის გამო, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ევროპული კომპანიების პასუხისმგებლობას მათი შვილობილი კომპანიებისა და პარტნიორების მიერ მესამე ქვეყნებში სანქციების დარღვევაზე, თუმცა მიღწეულ იქნა კომპრომისული ვარიანტი.
არსებული ცნობებით, ახალი სანქციების მიზანს რუსული თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) გადაზიდვის შეზღუდვა წარმოადგენს.
მოელიან, რომ ახალი პაკეტი დამტკიცდება ევროკავშირის სამიტზე ბრიუსელში 27-28 ივნისს ან მანამდე.