რუსული გაზეთის, "იზვესტიას" ორი თანამშრომელი - კორესპონდენტი ქსენია სოლდატოვა და ოპერატორი დმიტრი ტიმოფეევი - ესტონეთიდან 13 აგვისტოს ღამით გააძევეს.
"იზვესტიას" ცნობით, ესტონეთის ხელისუფლებამ ჟურნალისტებს ვიზა გააუქმა და ევროკავშირში შესვლა სამი წლით აუკრძალა. სოლდატოვა და ტიმოფეევი 12 აგვისტოს ესტონეთის ქალაქ ნარვიდან ტალინში მატარებლით მიეშურებოდნენ, რა დროსაც ისინი დააკავეს, ტელეფონები ჩამოართვეს და პოლიციაში გადაიყვანეს გამოსაკითხად. გაზეთი "იზვესტია" ირწმუნება, რომ მათი თანამშრომლები ესტონეთში ტურისტებად იმყოფებოდნენ. ესტონეთის სასაზღვრო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ დაკავებული რუსები პროპაგანდისტულ საქმიანობას ეწეოდნენ. "დღეს დაახლოებით შუადღისას რუსეთის ორი მოქალაქე, 30 წლის ქალი და 40 წლის მამაკაცი, ესტონეთში ნარვას სასაზღვრო პუნქტით შემოვიდნენ. საზღვარზე მათ წარადგინეს იტალიისა და ფინეთის მიერ გაცემული შენგენის ვიზები და განაცხადეს, რომ ტურისტულად მოგზაურობდნენ. შემდეგ ქალი და მამაკაცი წავიდნენ ნარვაში მდებარე ტანკის ძეგლთან და იქ დაიწყეს პროპაგანდისტული მიზნებით მუშაობა. ამის შემდეგ ისინი ნარვაში ჩასხდნენ მატარებელში და გაემართნენ ტალინისკენ, მაგრამ იჰვიში მატარებელთან მივიდა პოლიციის პატრული, რუსები მატარებლიდან ჩამოსვეს და პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს შესამოწმებლად", - განაცხადა აღმოსავლეთ პრეფექტურის სასაზღვრო სამმართველოს უფროსმა ურმას ელმიმ.