29 ოქტომბერს სამხრეთ კორეამ განაცხადა, რომ პრეზიდენტ ტრამპის მიერ სამხრეთ კორეაში ვიზიტის დროს აშშ-სთან სავაჭრო შეთანხმების დეტალებზე შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ სამხრეთ კორეის პრეზიდენტ ლი ჯე მიონგის ადმინისტრაციის უფროსმა, კიმ იონგ ბომმა მას შემდეგ განაცხადა, რაც ტრამპი და მიონგი ერთმანეთს აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტის ფარგლებში შეხვდნენ.
ცნობისთვის, სამხრეთ კორეა ივლისში შეთანხმების პროექტს დაეთანხმა, თუმცა ორივე მხარეს გაუჭირდა საერთო პოზიციის პოვნა დეტალებზე, მაგალითად ტრამპი მოითხოვდა, რომ სამხრეთ კორეას შეერთებულ შტატებში 350 მილიარდი დოლარის ინვესტიციის ჩადების ვალდებულება აეღო.
New York Times-ს აღნიშნავს, რომ 29 ოქტომბრამდე მოლაპარაკებები, სწორედ ინვესტიციასთან დაკავშირებული პუნქტის გამო, დიდწილად ჩიხში იყო შესული. ასევე, აშშ ნაღდი ფულის ინვესტიციას ითხოვდა, თუმცა სამხრეთ კორეა შიშობდა, რომ ამ ზომის თანხის გამოყოფა ეროვნული ვალუტის სტაბილურობას საფრთხეს შეუქმნიდა.
კიმის თქმით, ახლა აშშ სამხრეთ კორეული საქონლის იმპორტის ტარიფებს 25 პროცენტიდან 15 პროცენტამდე შეამცირებს. გარდა ამისა, მისი განცხადებით, აშშ დაეთანხმა ყოველწლიურად 20 მილიარდ დოლარამდე ნაღდი ინვესტიციის მიღებას და ამერიკული გემთმშენებლობის სექტორში ინვესტირებისთვის დამატებით 150 მილიარდ დოლარს გამოყოფს.
ორივე ქვეყანა შეთანხმდა, რომ სამხრეთ კორეა ინვესტიციებს განახორციელებს იმ პროექტებში, რომლებიც "ეკონომიკურად მიზანშეწონილი" იქნება - აღნიშნა ბატონმა კიმმა. მისი თქმით, ინვესტიცია არ განხორციელდება ერთიანად, არამედ ეტაპობრივად, პროექტების პროგრესის შესაბამისად.




