თბილისის მერიამ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალი სისტემა შემოიღო, რომელიც 1 თებერვლიდან ამოქმედდება და რომლის მიხედვითაც არსებული ტარიფი, რომელიც 50 თეთრი ღირდა და პირველი გადახდიდან შემდეგი მგზავრობა 90 წუთის განმავლობაში უფასო იყო ამიერიდან 1 ლარი ეღირება. ამასთანავე ამოქმედდება ულიმიტო სხვადასხვა პერიოდის მგზავრობაც. ერთდღიანი ტარიფი - 3 ლარი, ერთკვირიანი - 20 ლარი, 1 თვიანი - 40 ლარი, 3 თვე - 100 ლარი, 6 თვე - 150, ხოლო ერთწლიანი - 250 ლარი.
რას ნიშნავს თბილისის მერიის ეს გადაწყვეტილება, რა უნდა გააკეთოს ხალხმა ამის წინააღმდეგ, რატომ განცალკევდნენ ოპოზიციისგან და რას ფიქრობს სააკაშვილის პატიმრობაზე. ამ და სხვა საკითხებზე „აიპრესთან“ ინტერვიუში „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავა საუბრობს: _ თბილისის მერიამ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფის ახალი წესი გაიაფებად შემოგვასაღა. რეალურად რა ხდება და რა პროცესია ეს? _ ჩვეულებრივი პროცესი, როგორც ხდება ხოლმე ყველა არჩევნების შემდეგ - მოსახლეობისთვის ტყავის გაძრობა, რაც გამოიხატება ტარიფების გაზრდაში. ჩვენ ვუყურებთ, როგორ გაიზარდა ფასები, აბსოლუტურად ყველაფერზე - საწვავზე, პროდუქტებზე, მედიკამენტებზე... ინფლაციამ კატასტროფულ ნიშნულს მიაღწია. ახლა დაემატა მუნიციპალური ტრანსპორტი და ეს იმ პირობებში, როდესაც მსოფლიოში ტენდენციაა, რომ ევროპის ზოგიერთ ქალაქში საერთოდ უფასო გახადეს და აქ პირიქით, აძვირებენ. მეტსაც გეტყვით, 29 დეკემბერს დაგეგმილია სემეკის სხდომა, სადაც ელექტროენერგიის ტარიფიც გაძვირდება. ეს დამახასიათებელია ოლიგარქიისთვის, მისი ბუნება ასეთია. მოსახლეობას უნდა ამოხადონ სული. თანხები, რაც არჩევნებისთვის გაიხარჯა, ახლა ათმაგად უკან უნდა ამოიღონ. ამას ვეუბნებოდით ჩვენს თანამოქალაქეებს, მაგრამ სამწუხაროდ ბევრისთვის ეს შეუცნობელი გახდა, არ გაიგონეს და არჩევნების დღეს მიწოდებული 20 თუ 50 ლარზე, ან 1 კილო კარტოფილი და კიტრი ამჯობინეს. აი შედეგიც მივიღეთ. ეს ტოლფასია სოციალური გენოციდისა, რომელსაც ამდენი წელია ახორციელებენ ამ ქვეყანაში და ეს დასრულდება კატასტროფული შედეგებით. გადაადგილების საშუალებასაც მოუსპობენ ადამიანებს და უსახსროდ ტოვებენ მათ უმრავლესობას. თან გვეუბნებიან, მუნიციპალური ტრანსპორტი უნდა განვავითაროთო და მეორე მხრივ ვხედავთ, რა გადაწყვეტილებებსაც იღებენ. _ ხელისუფლების თვალით რომ შევხედოთ გარკვეული „ლოგიკა“ ხომ არ ჩანს? იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ გვეუბნებოდნენ როგორ ააყვავეს ეკონომიკა და ამის გაგრძელება ხომ არაა ფასების ზრდაც და რა შეიძლება დაუპირისპიროს ამას ხალხმა? _ ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ ის, რომ სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით გარეთ გამოსვლა და ჩვენი უფლებებიც დაცვა უნდა ვისწავლოთ. ჩვენ ამ დღეებში დავგეგმეთ დიდი ღონისძიებები, მაგრამ მარტო ვერაფერს გავაკეთებთ, თუ ამას საზოგადოება არ აყვა. თუ მხოლოდ სოციალურ ქსელებსა და სამზარეულოებში ვიწუწუნებთ  და ვიტირებთ, აქედან არაფერი გამოვა. მათ ეს ვერ შეაფერხებს. რასაც აკეთებენ იმის შემაფერხებელი მხოლოდდამხოლოდ საზოგადოების აქტიურობა შეიძლება აღმოჩნდეს. უნდა ვისწავლოთ ჩვენი უფლებებიც დაცვა. ორი რამე გვაქვს სასწავლი: ერთი არჩევნებზე სწორი არჩევანის გაკეთება და მეორე ასეთ მნიშვნელოვან სოციალურ საკითხებზე გამოსვლა და ჩვენი უფლებებიც დაცვა. ბავშვს ეკითხებიან, რატომ ტირიხარო, გამდის და იმიტომ ვტირივარო. ასეა ეს ხელისუფლებაც, თავს უხრის და ამ გადაწყვეტილებას უსრულებს მოქალაქე, შესაბამისად ვიღებთ შესაბამის შედეგს. მგლის თავზე სახარების კითხვას აზრის არ აქვს, ანუ ჩვენ ხელისუფლებას რომ ვუთხრათ გაჭირვებაა, ადამიანებს არსებობა უჭირთ და პურის ფული არ აქვთ, ამით მას ვერაფერს შევაგონებთ. მას უნდა აჩვენო ძალა და საზოგადოებრივი მუხტი. ასეთ შემთხვევაში გავლენას მოახდენ, სხვა შემთხვევაში კი იგივეს გააკეთებენ. ეს არის 21-ე საუკუნის მონობა. ეს უნდა გავიგოთ - ოლიგარქია მონობის ნაირსახეობაა და თუ მონად გვინდა ყოფნა, ან აქედან გაქცევა, მაშინ ასე დასრულდება. გაითვალისწინეთ, რომ სამარშრუტო კომპანიებში კალაძის წილებია. ბიუროკრატიის ხელფასებს 10%-ით რომ ზრდიან, საიდან უნდა მოიტანონ ეს ფული?! მოსახლეობის ჯიბიდან. _ დიდ პოლიტიკაზე გადავალ სოციალური პოლიტიკიდან. რატომ გადაწყვიტეთ „ლეიბორისტებმა“, რომ აღარ იდგეთ დანარჩენ ოპოზიციასთან? საერთოდ განცალკევებული ხართ სხვა პარტიებისგან და რატომ? _ რა თქმა უნდა განცალკევებულები ვართ. ეს სწორია, რადგან ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ საერთო ფორმატით, საქმე იქამდე მივიყვანეთ, რომ ჩამოშლის პირას იყო ხელისუფლება, ვიღებდით ახალ არჩევნებს, მაგრამ გაიქცნენ, ხელი მოაწერეს შარლ მიშელის დოკუმენტს, რითაც სამწუხაროდ ივანიშვილს „გაუპრავეს“ ჯერ ძალაუფლება, მერე ყველა არჩევნები. ახლა რაც ხდება და რასაც აკეთებენ, ეს ყველაფერი ფარისევლობაა და ხალხის მოტყუება, რაშიც მონაწილეობას არ ვაპირებთ. _ სააკაშვილი ციხეში ზის და ესეც ფარისევლობაა? _ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია. ის უნდა გათავისუფლდეს, ის პოლიტიკური მოტივებით ზის, მაგრამ დანარჩენი ყველაფერი, რასაც ისინი აკეთებენ ფუჭი მცდელობაა. ახლა დაწყებული აქვთ ლაპარაკი დიდ შერიგებაზე. იცით რას ითვალისწინებს ეს შერიგება საბოლოო ჯამში და რისი გაკეთება უნდათ? _ რისი? _ იცით, რომ შარლ მიშელის შეთანხმებით მოახდინეს 20 ივნისის დანაშაულების ამნისტია. ასევე უნდათ, რომ ამ წლების განმავლობაში რა დანაშაულიც აქვს ჩადენილი ხელისუფლებას, წინასწარ უნდათ ყველა იმ დანაშაულის ამნისტია. ე. წ. ოპოზიცია ხელს უწყობს ამაში და ამას აფორმებენ დიდ შერიგება შეთანხმებად. სახელმწიფოს ხარჯზე რატომ რიგდებიან?! ვინც დანაშაული ჩაიდინა, ყველამ პასუხი უნდა აგოს. ეს ნიშნავს, რომ მომავალში სტიმულს აძლევ ყველა ავანტურისტს, რომ მოვიდეს ხელისუფლებაში, გაძარცვოს ქვეყანა და მერე ხახვივით შერჩეს ყველაფერი. _ ამ ლოგიკას რომ მივყვეთ, ხელისუფლება იტყვის, მაშინ სააკაშვილმაც უნდა აგოს პასუხი და როცა ამბობთ, რომ უნდა გათავისუფლდეს ექსპრეზიდენტი, მაშინ როგორ? _ ჩადენილ დანაშაულზე ყველამ უნდა აგოს პასუხი. პოლიტპატიმარი რომ არის, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უდანაშაულოა. ის დაჭერილი ჰყავთ პოლიტიკური ნიშნით, მაგრამ ეს უდანაშაულობას არ ნიშნავს. სამართლიანი იქნებოდა, როცა სამართლიანი სასამართლო გაასამართლებდა და გვერდით კამერაში ბიძინა ივანიშვილი ეყოლებოდა ან ერთ კამერაში იქნებოდნენ, თავის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად. როდესაც შერჩევითია სამართალი, მაშინ არის პოლიტიკური და პოლიტიკური ნიშნით დააპატიმრეს. ამას ვამბობ მე, განა იმას კი არა, რომ უდანაშაულოა და არაფერი არ გაკეთებულა იმ წლებში. ეს ჩემ კისერზე ვნახე, განსხვავებით დღევანდელი ხელისუფლებისგან, რომლის წარმომადგენლებიც ბუჩქებში იყვნენ შემალულები ან ემსახურებოდნენ იმ რეჟიმს. ამ ყველაფერმა ჩვენ კისერზე გადაიარა და ჩვენ ვიყავით მაშინ რეპრესირებული, ჩვენ ვებრძოდით იმ რეჟიმს. _ ფარისევლობაა ენმ-ის გუშინდელი გადაწყვეტილებაც, როდესაც საყოველთაო შიმშილობა გამოაცხადეს? _ ეს მათი ბრძოლის გზაა. ამას ვერც გავაკრიტიკებ და ვერ შევაქებ. მათ ასე გადაწყვიტეს, რომ ეს გზაა მათი ლიდერის გამოხსნის გზა. კი ბატონო, ეს მათი გადაწყვეტილებაა და ღმერთმა ხელი მოუმართოთ, მაგრამ დანარჩენი... თუ რეჟიმის შეცვლა უნდათ, ისე არ გამოვა, რა ქმედებებსაც ისინი ახორციელებენ. ახლა თან პარლამენტში იჯდე და თან ამბობდე, რომ არჩევნებმა აზრი დაკარგა, ეს ყველაფერი ბლეფია. ამით ამყარებენ ივანიშვილის ძალაუფლებას და ბოლომდე „გაუპრავეს“ ყველა არჩევნები. ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი