შრომის ინსპექციის სამსახურმა ,,რუსთავის აზოტი“ 50 000 ლარით დააჯარიმა და სამუშაოები ნაწილობრივ შეუჩერა. მიზეზი დღეს მომხდარი ინციდენტი გახდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა ერთი და დაშავდა ორი დასაქმებული.

"ობიექტზე კვლავ მიმდინარეობს ინსპექტირების პროცესი. პირველადი ინფორმაციის საფუძველზე დადგინდა, რომ ინციდენტი გამოიწვია კუსტარულად დამზადებული ხარაჩოს ჩატყდომამ. ადგილზე არსებული დარღვევები წარმოადგენს კრიტიკულ შეუსაბამობას, რის გამოც ობიექტი დაჯარიმდა და შეუჩერდა საქმიანობის უფლება.

სს ,,რუსთავის აზოტი“-ს ობიექტზე შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ კრიტიკული შეუსაბამობები დადგენილ იქნა და სამუშაოები შეჩერებულ იქნა 2022 წლის ივლისშიც.

მხოლოდ 2021 წელს, შრომის ინსპექციის სამსახურმა, ობიექტის მიმართ სამუშაო ადგილზე არსებული დარღვევების აღმოსაფხვრელად 32 მითითება გასცა, რომელიც ამჟამად გასაჩივრებულია „რუსთავის აზოტის“ მიერ.

შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე, 2 წლის განმავლობაში კრიტიკული შეუსაბამობების განმეორებით გამოვლენისთვის განსაზღვრულია ფულადი სანქცია ბრუნვიდან გამომდინარე. შესაბამისად  სს ,,რუსთავის აზოტი“ სამუშაო პროცესის შეჩერებასთან ერთად, ასევე დაჯარიმდება 50 000 ლარით.

ამჟამად, „რუსთავის აზოტში“ მიმდინარეობს სრული ინსპექტირების პროცესი და დამატებითი დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, გატარდება შესაბამისი ზომები."ნ - შრომის ინსპექციის სამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში.