NULL

თბილისის განვითარების ფონდი ღვინის აღმართის რეაბილიტაციას იწყებს, რომელიც 2015 წლის საბიუჯეტო პროგრამით დაფინანსდება. პირველ ეტაპზე, ღვინის აღმართზე ჩასატარებელი სამუშაოებისთვის, სამ სარეაბილიტაციო პროექტის შესყიდვაზე კონკურსი გამოცხადდა.

კონკურსი შეეხება, ღვინის აღმართი N1, N3, და N5-ში მდებარე შენობების რესტავრაცია-რეაბილიტაციის და ნაწილობრივი რეკონსტრუქციის პროექტს, ღვინის აღმართი N7-ში მდებარე შენობის რესტავრაცია-რეაბილიტაციასა და ღვინის აღმართი N8-ში მდებარე ფასადების რეაბილიტაციის პროექტს.

მე-19 საუკუნით დათარიღებულ თბილისის ისტორიულ უბანში, ძველად სირაჯხანად წოდებულ ღვინის აღმართზე ამჟამად საცხოვრებელი სახლებია, რომელთა ნაწილს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.

ღვინის აღმართზე მდებარე იტალიურ ეზოებში, სამი და ოთხ სართულიანი სახლები გამაგრებას, რესტავრაციას და გარკვეულ წილად რეკონსტრუქციას საჭიროებს. ქალაქგამაგრებითი თვალსაზრისით, შენობების აღდგენა მნიშვნელოვანია უბნის ისტორიულ-არქიტექტურული იერსახის შექმნისთვის. თბილისის განვითარების ფონდი წელს ღვინის აღმართზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ზაფხულში დაიწყებს, ხოლო მანამდე თითოეულ სახლზე ჩატარდება სხვადასხვა საინჟინრო-გეოლოგიური, არქეოლოგიური, თუ სახელოვნებათმცოდნეო კვლევები, რის შედეგადაც შეიქმნება პროექტები.

ღვინის აღმართი N1,N3, N5-ის სარეაბილიტაციო პროექტის შესყიდვის ღირებულება 135 000 ლარია და შესრულების ვადად განსაზღვრულია 4 თვე. ღვინის აღმართი N 7-ის პროექტის შესყიდვის ღირებულებაა 50 000 ლარი, რომელიც ასევე 4 თვის ვადაში უნდა შესრულდეს. ღვინის აღმართი N8-ის ფასადების რეაბილიტაციის პროექტის შესყიდვის ღირებულება, კი 35 000 ლარია, ხოლო შესრულების ვადად განსაზღვრულია 3 თვე.