ზვიად პატარიძე ევროპის ჩემპიონია! ქართველმა მოჭიდავეებმა დღეს ოთხი ოქროს მედალი მოიპოვეს!

იუგოსლავიის ქალაქ ნოვი სადში 23 წლამდელ ახალგაზრდათა შორის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა 130 კგ წონით კატეგორიის ფინალურ შეხვედრაში ზვიად პატარიძემ მასპინძელ ლენარდ იშტვან ბერაის 5:0 სძლია და ევროპის ჩემპიონი გახდა!

ზვიად პატარიძე 1997 წლის 22 მარტს არის დაბადებული. მის მიერმოპოვებული მედლების დასათვლელად, საკმაოდ შრომატევადი სამუშაოა შესასრულებელი:

2013 წ – ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი კადეტებში
2014 წ – ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი კადეტებში
2015 წ – ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი ჭაბუკებში
2016 წ – ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი ჭაბუკებში
2017 წ – ჭაბუკებში ევროპის ჩემპიონი, 23 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი, ჭაბუკებში მსოფლიოს ჩემპიონატის ოქროს მედალოსანი, 23 წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი
2018 წ – 23 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატის ოქროსმედალოსანი

ზვიად პატარიძემ ოქროს მედლისკენ მიმავალ გზაზე გამართული სხვა შეხვედრები ასე დაასრულა:

ზვიად პატარიძე – ოსმან ილდირიმი (თურქეთი) 2:5-ს აგებდა ზვიად პატარიძე, როცა მან ილდირიმი ბეჭებით გააკრა ხალიჩას და სუფთა გამარჯვება მოიპოვა.
ზვიად პატარიძე – დავით ოვასაპიანი (სომხეთი) 4:0

შეგახსენებთ, რომ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა 87 კგ წონითი კატეგორიის ფინალურ შეხვედრაში გურამ ხეცურიანმა რუსი გაზი ხალილოვი (რუსეთი) 5:1 დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

ასევე: 63 კგ წონითი კატეგორიის ფინალურ ბრძოლაში ლევან ქავჟარაძემ სომეხი სლავიკ გალსტიანი დაამარცხა – 10:8. ეს საქართველოს ნაკრების დღეს მოპოვებული მეორე ოქროს მედალია.

55 კგ წონით კატეგორიაში კი ნუგზარ წურწუმიამ მასპინძელი ფლორიან ტიტა აშკარა უპირატესობით 9:0 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონის ოქროს მედალი მეორედ მოიპოვა.

ნუგზარ წურწუმია 1997 წლის 23 მარტსაა დაბადებული. იგი არის 2018 წლის ევროპის და მსოფლმიოს ჩემპიონი 23 წლამდელ ახალგაზრდებში და 2018 წლის ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატების ბრინჯაოს მედალოსანი უფროსი ასაკის მოჭიდავეთა შორის.

ბერძნულ-რომაულის სტილით მოჭიდავეთა 77 კგ წონით კატეგორიის ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ბექა მამუკაშვილმა აზერბაიჯანელი არიფ ნიფტულაევი დაამარცხა.

ავტორი: რაულ კაპანაძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად