ზვიად კვაჭანტირაძე: რუსთავი 2-ის სარედაქციო დამოუკიდებლობის ხარისხი კრიტიკას ვერ უძლებს

პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე ბოლო დღეებში სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "აიპრესი" უცვლელად გთავაზობთ. 

"თავისუფალი სიტყვის დაცვა, მედია-პლურალიზმი, სამართლიანობის დამკვიდრება, ჩვენი ხელისუფლების მთავარი ორიენტირებია და ამ ფასეულობების დაცვის გარეშე ქვეყნის აღმშენებლობა წარმოუდგენლად გვესახება.

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის ირგვლივ მოვლენების დაძაბვას აშკარად შეგნებულად და უპასუხისმგებლოდ ინსპირირებას უკეთებს ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების, კერძოდ კი ყოფილი ხელისუფლების რევანშისტული ნაწილი. სახეზეა მცდელობა, კერძო სამოქალაქო დავა ყველა გზით და საშუალებით, მათ შორის სამართლებრივ სივრცეს აცდენილი ქმედებებით პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანონ. ამან, საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან მწვავე უკურეაქცია გამოიწვია, რაც ზოგჯერ ვანდალურ აქტებშიც გამოიხატა. რა თქმა უნდა, ჩვენ ასეთ აქტებს კატეგორიულად ვგმობთ და ვემიჯნებით. 

"რუსთავი 2 "ერთ დროს, ხალხის ტელევიზიად და საერთო-სახალხო მონაპოვრად ითვლებოდა. ჩვენ ანგარიშს ვუწევდით, ვუწევთ და პატივს ვცემთ მისი ჟურნალისტების პროფესიონალიზმს და ხშირად გამოჩენილ თავდადებას, მიუხედავად იმისა, რომ ამ მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობის ხარისხი დღეს კრიტიკას ვერ უძლებს.

ჩვენ, არასოდეს გავურბოდით მწვავე დებატებს და ჩართვებს "რუსთავი 2"-ის ეთერში, შეუზღუდავად ვთანამშრომლობდით მაუწყებელთან და არც ერთი ნაბიჯი არ გადაგვიდგამს, რათა ხელოვნურად, წინა რეჟიმის მსგავსად შეგვეზღუდა მედიის ფუნქციონირება. ასევე გაგრძელდება მომავალშიც. საბედნიეროდ, ამ პროცესებს ყურადღებით ადევნებენ თვალს, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც და გარდა კეთილმოსურნე, პრევენციული განცხადებებისა არავის გამოუთქვამს მოსაზრება, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში მედია-პლურალიზმს საქართველოში საფრთხე ექმნება.

ყველასათვის აშკარაა, რომ თავისუფალი სიტყვის შეზღუდვასა და მედიის კონტროლზე ჩვენ კატეგორიული უარი ვთქვით. ყველა მედიასაშუალება ქვეყანაში დაუბრკოლებლად მუშაობს, მათ შორის "რუსთავი 2"-იც. ისინი შეუფერხებლად კრებენ მოქალაქეებს პროტესტის გამოსახატად, მართავენ საჯარო კონცერტებს, რაც წინა რეჟიმის პირობებში. დაუშვებელი იყო ხელისუფლების ოპონენტი მაუწყებლებისთვის და მედიისთვის. უფრო მეტიც, სწორედ წინა რეჟიმის მმართველობის პერიოდში განხორციელდა ვანდალური აგრესია „ტელეიმედის“ წინააღმდეგ, რაც ყველას კარგად გვახსოვს.

ჩვენ მომავალშიც ვიქნებით სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების უპირობო დამცველები. და მზად ვართ, კვლავაც გავაგრძელოთ თანამშრომლობა საზოგადოებასთან, საერთაშორისო პარტნიორებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ამ მიმართულებით.

საქართველოში არსებობს თავისუფალი მედია და არსებობს თავისუფალი სასამართლო. არავის, განურჩევლად პარტიული კუთვნილებისა, ჩინისა, თანამდებობრივი მდგომარეობისა, არა აქვს უფლება ჩაერიოს და ზეწოლა მოახდინოს სასამართლოს მუშაობაზე. ჩვენ მომავალშიც, მკაცრად გავაკრიტიკებთ ზეწოლის ნებისმიერ მცდელობას და არ დავუშვებთ, ვინმემ საფრთხის ქვეშ დააყენოს ჩვენი ქვეყნის ევროპული, ევრო-ატლანტიკური პერსპექტივა და რეფორმების ბედი საქართველოში.

მოვუწოდებთ ჩვენს საზოგადოებას და მათ შორის პოლიტიკურ ოპონენტებს მაქსიმალურად გავერიდოთ მერკანტილური, რევანშისტული და ანტისახელმწიფოებრივი ინტერესებით შეპყრობილ ადამიანთა მცირე, აგრესიულ ჯგუფს და ჩვენთვის ჩვეული ისტორიული კულტურით, ჩვენი სამშობლოს, სახელმწიფოს სიყვარულით ერთად ვიზრუნოთ საზოგადოების სრულ კონსოლიდაციაზე, ქვეყანაში სამართლებრივი კულტურის მყარად დამკვიდრებაზე, საქართველოს წინაშე არსებული აქტუალური გამოწვევების და ამოცანების საპასუხოდ", – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად