ზვიად კორძაძე: წერილი, რომელიც ხაზარაძეს გადასცეს, ხელნაწერი არ იყო, დაბეჭდილი იყო

საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორმა კოკა კაციტაძემ დღეს „თიბისის საქმეზე“ საგანგებო ბრიფინგი გამართა და ის წერილი გაასაჯაროვა, რომელიც „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს წარუდგინა.

პროკურატურის გამოქვეყნებულმა წერილმა საზოგადოების ნაწილში კითხვები გააჩინა, ბევრს აინტერესებს არის თუ არა ეს წერილი ის, რაც ხაზარაძემ სასამართლოში წარადგინა.

„აიპრესთან“ მამუკა ხაზარაძის ადვოკატი ირაკლი კორძაძე ამბობს, რომ სწორედ ეს წერილი მიიღო “თიბისი ბანკი”-ს დამფუძნებელმა შუამავლისგან. თუმცა, ვინ არის შუამავალი ამას არ აკონკრეტებს.

_ პროკურატურის მიერ დღეს გამოქვეყნებულმა წერილმა საზოგადოების ნაწილში კითხვები გააჩინა. არის თუ არა ეს წერილი ის, რაც მამუკა ხაზარაძემ მიიღო?

_ნადვილად არის ის წერილი, რაც წარადგინა მამუკა ხაზარაძემ სასამართლოში. რის მოლოდინი ჰქონდათ არ მესმის.

_ანუ, წერილი არ იყო ხელნაწერი და აკრეფილი ტექსტი იყო?

_წერილი წარმოდგენილი იქნა იმ ფორმით რა ფორმითაც მიიღო. ხელნაწერი არ იყო, დაბეჭდილი ტექსტი იყო.

_ბატონმა მამუკამ საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა, რომ გახარიასგან მიიღო წერილი და იქვე არ უთქვამს რომ წერილი შუამავლის მეშვებით გადაეცა. სწორად ამან გამოიწვია გაურკვევლობა და გააჩინა კითხვის ნიშნები…

_მამუკა ხაზარაძემ მისცა ჩვენება, რომ წერილი მიიღო შუამავლის მეშვეობით.

_ვინ იყო შუამავალი, როდის გააკეთებს ამაზე განმარტებებს?

_ამ ეტაპზე მამუკა არ გააკეთებს განმარტებებს შუამავლის ინტერესებიდან გამომდინარე.

_როგორ მიიღო წერილი მამუკა ხაზარაძემ, სად შედგა შეხვედრა შუამავალთან?

_ ელოდებოდა თავისთან. როგორც მამუკა განმარტავს, შუამავალი შეხვდა სამინისტროს და მოიტანა წერილი.

_ანუ, თიბისი ბანკში მოუტანა ეს წერილი შუამავალმა?

_მე თუ სწორად მახსოვს, რომ არ ამერიოს, „თიბისის“ ან „ანაკლიის“ ოფისში.

_ანუ, შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოუტანეს და შუამავალმა უთხრა რომ ეს წერილი გიორგი გახარიასგან იყო?

_თავის სამუშაო ადგილზე მოუტანეს. ამავდროულად, გამოკითხვაზე მამუკამ განმარტა, რომ ამ წერილის შესახებ იანვარში ესაუბრა ბიზნესმენებს, ასევე ელჩებს. პროკურატურამ ჰკითხა, რომ მოიტანა წერილი, იყო თუ არა იქ ვინმე, ჰქონდა თუ არა ამ წერილთან დაკავშირებით ვინმესთან საუბარი. ხაზარაძემ ბიზნესმენების და იმ ადამიანების გვარები დაუსახელა, ვისაც იმ ღამესვე ესაუბრა წერილზე. მერე დღეს შეასრულა ის მოთხოვნა რაც იქ წერია. ანუ, გარდა წერილის ტექსტისა აქ მნიშვნელოვანია სხვა რაღაცეები, რომელთა დაკავშირებით ჩვენება მისცა, მაგრამ პროკურატურამ არ ჩათვალა საჭიროდ რომ გამოეკითხა.

_თუ შეხვედრა შედგა თიბისის ოფისში ან ანაკლიის პორტის ოფისში, ვიდეო კამერებიდან შეიძლება შუამავლის ამოცნობა…

_ამით უნდა დაინტერესდეს გამოძიება.

_როდის ელოდებით ექსპერტიზის პასუხს უცხოელი ექსპერტებისგან?

_ალბათ თვეები არ დაჭირდება, როგორც კი იქნება პასუხი, გავაცნობთ საზოგადოებას.

შეგახსენებთ, პროკურატურამ მამუკა ხაზარაძის მიერ სასამართლოში წარდგენილი წერილი გამოაქვეყნა

სტატიის ავტორი ირმა მესხია
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად