ძიძიგური: მიხეილ სააკაშვილს უნდა ზუგდიდი თავისი პოლიტიკური ავანტიურების პოლიგონად აქციოს

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უნდა ზუგდიდი თავისი პოლიტიკური ავანტიურების პოლიგონად აქციოს. მისი მთელი პოლიტიკური გეგმები დაკავშირებულია ზუგდიდთან და ზუგდიდის არჩევნებთან – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“.

„ჩვენს ოპონენტებს განსაკუთრებული სწორება აქვთ ზუგდიდზე. მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 9 წლის განმავლობაში ამ ქვეყნის პრეზიდენტი იყო, პირველივე წელს, როცა აქედან წავიდა, უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე, სამი წელი გვიმტკიცებდა, რომ უკრაინის მოქალაქე და უკრაინელი პოლიტიკოსია. ეს უკრაინელი პოლიტიკოსი ახლა მობრუნდა საქართველოში და უნდა ზუგდიდი თავისი პოლიტიკური ავანტიურების პოლიგონად აქციოს“ – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

მისი თქმით, ზუგდიდმა კარგად იცის, რა არის სიმშვიდე და სტაბილურობა, ამიტომ იქ ვერავის აყოლიებას ვერ მოახერხებენ.

„ისინი ცდილობენ, დიდი რაოდენობით ადამიანები ჩამოიყვანონ ზუგდიდში, ამბობენ, რომ არჩევნების დასაცავად. არაფერი დასაცავი ამ არჩევნებს არ ჭირს. მინდა დაგარწმუნოთ, რომ არავითარი ტიპის გაყალბება არც გაუკეთებია „ქართულ ოცნებას“ და არც აპირებს არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენას. ვინაიდან ჩვენ ამ პოლიტიკურ ძალასთან ურთიერთობის საკმაოდ დიდი გამოცდილება გვაქვს , მზად უნდა ვიყოთ პროვოკაციებისთვის“ – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.

ძიძიგური დარწმუნებულია, რომ ზუგდიდში არსებული ვითარება საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება. ]

„მათ უნდათ რაც შეიძლება მეტად აამღვრიონ წყალი, რომ შემდეგ თევზი დაიჭირონ. ქალბატონ სანდრას ჰყავს მხარდამჭერები, მაგრამ მოწინააღმდეგები უფრო მეტი ჰყავს, იმიტომ, რომ ეს ქალაქი არის პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მხარდაჭერით გამორჩეული ქალაქი და არ პატიობს ზვიად გამსახურდიაზე აუგად ნახსენებ არცერთ სიტყვას. ამიტომ, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი კანდიდატი, რომელიც ძალიან ღირსეული და მთელი ზუგდიდისთვის მოსაწონი კანდიდატია, აუცლებლად დადებს ისეთ შედეგს, რომლის შესახებაც ინფორმაცია არჩევნებში კარგად გამოცდილმა ჩვენმა ოპონენტებმა იციან, ამიტომ მათი ერთადერთი გამოსავალია, წინასწარვე ეს არჩევნები გამოაცხადონ დაძაბულ, ექსცესებიან, დარღვევებიან არჩევნებად და ამით სცადონ „გააპრავონ“ ის შედეგი, რაც ექნებათ“ – განაცხადა ძიძიგურმა.

მისი თქმით, არჩევნების შედეგი კარგად დაანახებს ოპონენტებს, რომ ისინი კიდევ ერთხელ დარჩებიან თავიანთი ავანტიურული გეგმების განხორციელების გარეშე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად