ზურაბიშვილი: პრეზიდენტი ვალდებულია იყოს ზეპარტიული, მისი მოვალეობა არაა მხარედ ქცევა

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა,

“გილოცავთ ყველას დღევანდელ დღეს, კონსტიტუციის დღეს. შეიძლება ვიღაცამ მხოლოდ სიმბოლურ აქტად შეაფასოს და აღიქვას კონსტიტუცია, შეიძლება ვიღაცამ და ბევრმა არც წაიკითხონ, შეიძლება მავანთ არ იცოდნენ და შესაბამისად არ დააფასონ თუ რას ნიშნავდა თუნდაც პირველი კონსტიტუციის მიღება დამოუკიდებელი რესპუბლიკისთვის 1921 წელს. შეიძლება ვინმე ფიქრობდეს რა საჭიროა კონსტიტუცია თუ იგი ვერ გვიცავს და ვერ იცავს დამოუკიდებელი ქვეყნის ტერიტორიას და მის მთლიანობას. მაგრამ, დღეს უნდა ყველას გვახსოვდეს და არა მხოლოდ დღეს, რომ 1991 წელს მოპოვებული დამოუკიდებლობის სამართლებრივი საფუძველი სწორედ 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუცია იყო. იმ დღეს მიღებული, როცა იწყებოდა საქართველოს დამარცხება, შემოსვლა და დამარცხება.
დამოუკიდებლობა თუ ვერ დაიცვა პირველი რესპოუბლიკის კონსტიტუციამ, მან მისცა მთავარი იარაღი ემიგრაციას და თვით ქვეყანაში, აქ მებრძოლ თაობებს, რათა სახელმწიფოს აღდგენის საფუძველი შეენარჩუნებინათ. მე პირადად ძალიან ამაყი ვარ. პირველი იმით, რომ ვეკუთვნი იმ ემიგრაციას, რომელმაც ეს კონსტიტუცია შეინარჩუნდა და რომელსაც სწამდა მისი აღდგენისა. ამაყი ვარ იმითი, რომ მონაწილეობა მივიღე სწორედ საკონსტიტუციო კომისიაში ახალი ცვლილებების შეტანისა, რომელიც კიდევ ერთი ნაბიჯი არის ჩვენი დემოკრატიული პროგრესის მიმართულებით. ამაყი ვარ და დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, რომ პრეზიდენტის უმაღლესი ვალდებულება სწორედ კონსტიტუციის დაცვა და მისი პრინციპების ერთგულება არის, სწორედ როგორც თვით კონსტიტუცია ამბობს, პრეზიდენტია ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი.
სწორედ დღეს საჭიროდ მიმაჩნია ვილაპარაკო პრეზიდენტისთვის კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებებსა და ვალდებულებებზე, რომლებიც ხშირად ან არასწორად გაგებულია ან განზრახ დამახინჯებული, რომ ჩვენი საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ.

საზღვრების თემით დავიწყოთ. დიახ, პრეზიდენიტს მოვალეობაა საზღვარი დაიცვას, საზღვარზე მივიდეს და ადგილზე გაეცნოს სიტუაციას და რაც მთავარია, ყველაფერი იღონოს რომ ყველა ჩვენს მეზობელთან საზღვრები დადგინდეს. ამდენად მოლაპარაკებების განახლება და ამ პროცესის დაცქარება და მხარდაჭერა ზუსტად ჯდება პრეზიდენტის მოვალეობაში. რაც შეეხება საოკუპაციო ხაზს, პრეზიდენტი უნდა ზრუნავდეს იქ მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებზე. მთავრობასთან ერთად ზრუნავდეს მათი პირობების გაუმჯობესებაზე, რამეთუ ისინი ქვეყნის მთლიანობის სადარაჯოზე დგანან. მაგრამ, პრეზიდენტი არ უნდა რეაგირებდეს მუდმივად სხვის მიერ დაგეგმილ პროვოკოაციებზე და სხვისი დღის წესრიგის მიხედვით არ უნდა მოქმედებდეს. ჩვენი მთავარი მიღწევა სწორედ ის არის, რომ ოკუპაციამ ვერ გადაგვიყვანა არჩეულ გზიდან და ვერ შეარყია ჩვენი მთავარი მონაპოვარი – დემოკრატია და სტაბილურობა. მე ვზრუნავ იმაზე, რომ ვეძებოთ ყველა გზა და ყველა საშუალება რათა მშვიდობიანად დავიბრუნოთ ჩვენი ოპკუპირებული ტერიტორიები, რომ გაყინული მდგომარეობიდან გამოვიდეთ, რომ ჩვენი პარტნიორების ამ მიზნით ამოქმედება და მათგან უფრო მეტ მხარდაჭერას მივაღწიოთ სრულიად უკანონო ბორდერიზაციის პროცესის შესაჩერებლად.

ხშირად ისმის ასევე კითხვები, რატომ არ აფიქსირებს პრეზიდენტი პოზიციას ამათუ იმ მწვავე პოლიტიკურ საკითხზე, პრეზიდენტი სახელმწიფოს მეთაურია, სახელმწიფოს სახე, თითოეული მოქალაქეს პრეზიდენტი და მაშასადამე ვალდებულია იყოს ზეპარტიული, ამიტომაც მისი მოვალეობა არაა მხარედ ქცევა, არამედ შერიგება. ის რაზედაც ვსაუბრობ ინაუგურაციიდან დღემდე ყველა ჩემს გამოსვლაში და რომელიც არის ჩემი ერთ-ერთი უმაღლესი მიზანი – პრეზიდენტი ვალდებულია შეინარჩუნოს ნეიტრალურობა, მითუმეტეს როცა საკითხები სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების პროცესშია”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად