ზურაბიშვილი: მხოლოდ არჩევნების გზას განვიხილავთ, ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა გაუმართლებელია

“რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მისი პარტია ხელისუფლების შეცვლის ერთადერთ გზად არჩევნებს განიხილავს. მისი თქმით, ხელისუფლების შეცვლა ძალადობრივი გზით გაუმართლებელია.

როგორც პოლიტიკოსმა “აიპრესს” უთხრა, რევოლუციური სცენარი მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს გამართლებული, თუ მოხდება არჩევნების გაყალბება.

კითხვაზე, არჩევნების ბოიკოტირების თემას განიხილავენ თუ არა, ზურაბიშვილი პასუხობს, რომ არჩევნების ბოიკოტირება უაზრობაა.

“რევოლუციური სცენარი მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს გამართლებული, თუ მოხდება არჩევნების გაყალბება და გაყალბებული არჩევნების შედეგად მოდის ადამიანი ხელისუფლებაში. ამას პოლიტიკური პარტიებიც ვერ ახდენენ, ამას ხალხი აკეთებს. როდესაც ხალხი ხედავს, რომ მისი არჩევანი გაყალბდა, ის გამოდის ქუჩაში და აპროტესტებს. სხვა მხრივ, ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა გაუმართლებელია. თუნდაც, ასეთი ხელისუფლება იყოს, როგორც დღეს არის.

დიახ, ჩვენ განვიხილავთ არჩევნებს. ჩვენი პარტია სხვა გზას არ განიხილავს, ხელისუფლება უნდა დაამარცხო ხელისუფლება და თუ ეს ხელისუფლება ამ მარცხს არ აღიარებს, მერე შეიძლება აჩვენო წითელი ბარათი. მანამდეკი უნდა დაამარცხო არჩევნებით”, – განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, ქართულმა ოცნებამ ჩააგდო საკონსტიტუციო ცვლილებები პროპორციულ სიაზე გადასვლასთან დაკავშირებით.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად