ზურაბიშვილი: ბატიაშვილი ან რატომ დანიშნეს, ან გაუშვეს?! რეფორმა რომ ჩავარდეს, ჯერ უნდა დაიწყოს!

“რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი და განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილისთვის დავით ზურაბიშვილისთვის გაუგებარია, მიხეილ ბატიაშვილი ან რატომ დანიშნეს განათლების მინისტრად, ან რატომ გაუშვეს დაკავებული თანამდებობიდან.

როგორც დავით ზურაბიშვილმა “აიპრესს” განუცხადა, შესაძლოა მისი გათავისუფლება ია კერზაიას საქმეს უკავშირდებოდეს, ან ახალი პრემიერის მოსვლას.

რაც შეეხება იმას, ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ ბატიაშვილისა და ექს-პრემიერ მამუკა ბახტაძის მიერ დაანონსებული განათლების რეფორმა ჩავარდა, ამაზე პოლიტიკოსი ამბობს, რომ ამისთვის ჯერ რეფორმა უნდა დაიწყოს.

„ისიც არ ვიცი რატომ დანიშნეს, ისიც არ ვიცი რატომ გაუშვეს, ისიც არ ვიცი რა რეფორმა ტარდებოდა მაგ სამინისტროში. კეთდებოდა ზოგადი განაცხადები, მაგრამ კონკრეტულად რაიმე სერიოზულად გაწერილი გეგმა არ ყოფილა. პრაქტიკულად რას უკავშირდება მისი წასვლა თანამდებობიდან არ ვიცი, ახალი პრემიერ-მინისტრის მოსვლას, შესაძლოა ია კერძაიას საქმემაც იქონია რაღაცნაირად გავლენა და . შ“, – ამბობს ზურაბიშვილი.

კითხვაზე ასე დაგვიანებით იქონია კერძაიას საქმემ გავლენა მინისტრის ცვლილებაზე? – პასუხობს, რომ ეს მხოლოდ ვერსიებია.

„მე პირადად არ ვიცი რატომ გაუშვეს. არც ის ვიცი რატომ დაინიშნა და არც ის, რატომ გაუშვეს. ჩვენ ამას არ გვეუბნებიან“, – აღნიშნავს ზურაბიშვილი.

რაც შეეხება იმას, ხომ არ ჩავარდა დაანონსებული რეფორმა და ამასაც ხომ არ უკავშირდება ბატიაშვილის თანამდებობიდან წასვლა? – ამაზე ზურაბიშვილი აცხადებს:

„არ ვიცი რა რეფორმა იყო. რეფორმა რომ ჩავარდეს, ამისთვის საჭიროა დაიწყოს. ამ შემთხვევაში რა ხდება და რა რეფორმა მიმდინარეობს არ ვიცი. ერთადერთი ის ვიცი, რომ რამდენიმე სკოლაში ახალი მეთოდების პილოტირება მიდის, რაც არ მომწონს და არ მეჩვენება სწორად ასეთი მიდგომები.

თავის დროზე ძალიან ზოგადი ანონსი მოვისმინეთ მინისტრისგან… თუ ამის განხორციელებას აპირებდა, გამოდის, რომ არ დასცალდა“, – ამბობს ზურაბიშვილი.

კითხვაზე, ვინც ეს რეფორმა დააანონსეს ესენი იყვნენ პრემიერი მამუკა ბახტაძე და მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი. დღეს კი არცერთი არ არის თანამდებობაზე და ეს რას ნიშნავს? – დავით ზურაბიშვილი პასუხობს:

„დააანონსებენ რეფორმას და მერე მისი შედეგი არავინ აღარ იცის, იმიტომ რომ სწრაფად იცვლება პასუხისმგებელი პირები ამ ხელისუფლების დროს. თუ არ ვცდები, ეს უკვე მეოთხე მინისტრია, ვინც წავიდა“, – გვითხრა დავით ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, პრემოერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მიხეილ ბატიაშვილმა განათლების მინისტრის თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად