საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის დედა რემა ჟვანია გარდაიცვალა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ზურაბ ჟვანიას მეუღლე ნინო ჟვანია წერს.
“ზურას დედა გარდაიცვალა”, – წერს ნინო ჟვანია.
ამასთან ამაზე ისაუბრა ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტმაც გიორგი მარგველაშვილმა.
“სამწუხარო ამბავი უნდა გაუწყოთ. გარდაიცვალა რემა ჟვანია, ზურაბ ჟვანიას დედა, მართლაც გამორჩეული ქალბატონი. ვუსამძიმრებ ოჯახს ამ მწუხარებას”, – თქვა გიორგი მარგველაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში.
შეგახსენებთ, ზურაბ ჟვანია 2005 წელს გარდაიცვალა. ოფიციალურ ვერსიად გაზის გაჟონვა სახელდება, თუმცა ბევრს, მათ შორის ოჯახსაც ოფიციალური ვერსიის არ სჯერა.