ზურაბ ტყემალაძე: სიგარეტებზე ფასების მკვეთრი ზრდა დროებითია

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავჯდომარე ზურაბ ტყემალაძე აცხადებს, რომ MARLBORO, PARLIAMENT, L&M, CHESTERFIELD და BOND STREET-ზე ფასების ზრდა დროებითია და ეს გამოიწვია არა აქციზის განაკვეთის ზრდამ, არამედ კომპანია „ფილიპ მორისსა“ და „ომეგას“ დაპირისპირებამ.

მისი თქმით, როგორც კი აღნიშნულ სიგარეტებზე მოთხოვნა შემცირდება, კომპანიები ფასს დაუწევენ.

„აქციზის განაკვეთი გაზარდა პარლამენტმა, წინადადება იყო მთავრობის. ვფიქრობ, ეს სწორი ნაბიჯი იყო. გაზრდილი აქციზით არ შეიძლებოდა, რომ ფასი დაახლოებით 4 ლარით მომატებულიყო. ამას შეიძლება ფასების ზრდა 30-35 თეთრით გამოეწვია, მეტი არა. დაახლოებით 4 ლარით კი მეწარმემ თავისი სხვა შეხედულებებიდან გამომდინარე გაზარდა. ეს მიანიშნებს, რომ მოთხოვნა უფრო არის სიგარეტზე. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ არის რეკომენდირებული, რომ აქციზის გადასახადი იქნებოდა სიგარეტზე, რადგან მისი მოხმარება მოსახლეობაში მაქსიმალურად შემცირდეს“, – განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ “აიპრესთან” საუბარში.

კითხვაზე, სიგარეტზე ფასების თვითნებურ ზრდასთნ დაკავშირებით უნდა ჰქონდეს თუ არა სახელმწიფოს რეგულირების ფორმა, ტყემალაძემ აღნიშნა, რომ ბაზარი თავისუფალია და ფასებს თავად არეგულირებს.

„ვინც გაზრდის ფასს, ბუნებრივია, იმ პროდუქციას უფრო ნაკლებად იყიდიან ან არ იყიდიან. აქედან გამომდინარე, მგონია, რომ ეს უბრალოდ დროებითი მოვლენაა. მოთხოვნა-მიწოდება არეგულირებს ბაზარს, ის ზრდის იმიტომ, რომ… თუ გაზარდა და დაიჭირა ამ გაზრდილმა ფასმა თავისი თავი, ეს იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნა ძვირადღირებულ პროდუქციაზე არის, თვითონ ხომ არ შეუწყობს ხელს თავისი პროდუქციის ვერ რეალიზიაციას?! აქედან გამომდინარე, როგორც კი მოთხოვნა შემცირდება და გადავა უფრო დაბალ ფასიანზე, ისინი იძულებულები იქნებიან დაუწიონ ფასს და გაყიდონ იმ ფასით, რაც იყო ახალ წლამდე. ფასები შეიძლება გაიზარდოს 30-35 თეთრით, ეს კი არ არის იმის საფუძველი, რომ ბაზარი დატოვონ კომპანიებმა და განიდევნონ ეს სიგარეტები“, – განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.

 

The post ზურაბ ტყემალაძე: სიგარეტებზე ფასების მკვეთრი ზრდა დროებითია appeared first on iMtavroba.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...