ზურაბ (პიკო) ნიჟარაძე: ეგრეა, ეგრე, ვინც სილამაზეს აღიქვამს, ის არ შეიძლება ნაძირალა იყოს (ვიდეო)

თუკი  თავის ნახატებს ვინმეს პოეზიას შეადარებდა, ეს ვაჟა ფშაველა იქნებოდა…
“რად მოველ ადამიანად, რატომ არ მოველ წვიმადა, რომ ვყოფილიყავ მუდამა, შენი გულ-მკერდის მძივადა…

გვიკითხავს ვაჟას ამ საოცარ სტრიქონებს და თან გვსაყვედურობს: რა კითხვა დამისვით, რომელი პოეტის ლექსებს შეადარებდით თქვენს ნახატებსო? როგორ გავკადნიერდე და ამ საოცრების დამწერს როგორ შევადარო ჩემი ნახატები? მაგრამ რადგან მკითხეთ, ვაჟას ლექსებს მინდა ჰგავდეს… ვახ, რა განუმეორებლად წერდა… რა იყოს ეს… მეტირება, მის სიტყვებს რომ ვამბობ…

ინტერვიუს მოსმენისას მხოლოდ ერთი სიტყვა მიტრიალებდა თავში – “ლეგენდა”… განუმეორებელია არა მხოლოდ მისი მხატვრობა, არამედ ამ მხატვრობაში ჩადებული ის მსოფლმხედველობა, რომელმაც რევოლუციური გარდატეხა მოახდინა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს, მაშინ როდესაც იდეოლოგიასთან ბრძოლა ფაქტობრივად, ნიშნავდა ბრძოლას რეჟიმის წინააღმდეგ.

გთავაზობთ ამონარიდს მხატვრის ინტერვიუდან. ინტერვიუს სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ აქ: “ლეგენდა – სახელად “პიკო”

კარგი მხატვარი ის არის, რომელთა ნამუშევრები საუკუნეებს უძლებს, თქვენთვის როგორია კარგი მხატვარი, როგორ  უნდა შექმნას ისე, რომ დროს გაუძლოს?

როგორ შექმნას? გარკვეულწილად, ორიენტირი უნდა იყოს სწორედ ის, რომ გაერკვეს რა არის მშვენიერი და რა არის არამშვენიერი. ესთეტიკური ხედვა უნდა ჰქონდეს სულში გამჯდარი…

მხატვრობის ანტიკურ ეპოქას რომ შევხედოთ, იქ ხელოვნების ნიმუშები ყველასთვის თვალსაჩინოდ იყო წარმოდგენილი. მშვენიერი იყო იმდენად გახსნილი, იმდენად მონაწილეობდა  საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ადამიანის პიროვნებად ჩამოყალებებაში….

როდესაც საზოგადოებაში ღიად არის ეს მოცემული, იქ თითქმის არცაა საჭირო იმაზე საუბარი, რა არის საჭირო სულისთვის. იმიტომ რომ თვალნათლივ, პირდაპირ ჩანს რაც არის. მხატვრობა, ხელოვნება, ლიტერატურა, თეატრი, მუსიკა, პოეზია სწორედაც აყალიბებს ადამიანს ადამიანად.

ერთერთ ინტერვიუში ამბობთ, რომ ადამიანი, რომელიც სილამაზეს აღიქვამს ის არ შეიძლება იყოს ნაძირალაო, ასეა მართლა? ნაძირლებს არ შეუძლიათ სილამაზის აღქმა?

ეგრეა, ეგრე…იმიტომ რომ კარგი საქციელი, ხომ ასრულებს როლს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ამიტომ მისი ხარისხი უნდა იყოს მაღალი და ხელოვნება სწორედ ეხმარება ადამიანს ამ პროცესში პიროვნების ჩამოყალიბებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...