ზურაბ ნოღაიდელი: ჩვენ გვჭირდება მსხვილი პროექტები და სწრაფი განვითარება

„აზერბაიჯანთანსაქართველოს ყველაზე მყარი ენერგოკავშირი აქვს. გვაქვს 500 კილოვოლტიანი უმყარესი კავშირი, რომელიც პრაქტიკულად ურისკო რელიეფზე გადის. არის კიდევ ერთი 330 კილოვოლტიანი კავშირი და კიდევ ერთი 330 კილოვოლტიანი გადამცემი ხაზი აზერბაიჯანის მხრიდან საზღვრამდე მოყვანილი და ჩვენს მხარეს 18 კილომეტრიანი  ქსელის მონაკვეთი აქვს დასასრულებელი, რომ ეს ხაზიც გარდაბნის ქვესადგურს შეუერთდეს“, – ამის შესახებ ენერგეტიკული კომპანია „ელ გრინის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ზურაბ ნოღაიდელი აცხადებს.

მისი განმარტებით, აზერბაიჯანთან  დამაკავშირებელი ენერგოინფრასტრუქტურის  კიდევ უფრო გაზრდა და მიმდინარე პროექტების დროულად დასრულება ნიშნავს, რომ ჩვენ აზერბაიჯანთან შეგვეძლება თითქმის 1500 მეგავატი სიმძლავრის გაცვლა, რაც ზემყარ კავშირს გულისხმობს.

„ენერგოინფრასტრუქტურის განვითარება ყველა მეზობელთან აუცილებელია.მესმის, რომ ეს პროცესი დანახარჯებთანაა დაკავშირებული. მესმის ისიც, რომ ტარიფზეც, დიდი ალბათობით, ამ ინვესტიციებს ექნება გავლენა, მაგრამ ისიც უნდა გვესმოდეს, რომ უფასო არაფერია. ამ შემთხვევაში, ასარჩევია, – მომდევნო 10 წლის განმავლობაში საქართველოს მინიმუმ 10% -იანი ეკონომიკური ზრდა, რამაც კეთილდღეობა უნდა გაზარდოს ქვეყანაში. ეს ერთის მხრივ.  და მეორე მხრივ,  ელექტროენერგიაზე დაბალი ტარიფის შენარჩუნება, რაც, მათ შორის, ინფრასტრუქტურის განვითარების შეჩერებას და შესაბამისად,  ეკონომიკური განვითარების შეფერხებას გამოიწვევს. ცხადია, როგორც ყველგან და ყველაფერში, აქაც ბალანსიასაჭირო და აუცილებელი, მაგრამ ამოცანებიც სწორად უნდა გვესმოდეს.

საქართველოს ენერგოსექტორი არის საქართველოს ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი, თუ ყველაზე მთავარი არა, ფაქტორი. აქ მცირე პროექტებით, ისეთი პროექტებით, რომლებიც ისედაც თავისთავად ხორციელდება, ჩვენ ფონს ვერ გავალთ. ჩვენ გვჭირდება მსხვილი პროექტები და სწრაფი განვითარება, – განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...