ზურაბ ჯაფარიძე: ვის ვედრებით? მდიდარ ქვეყნებს, სადაც ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი 40-50 ათასი დოლარია?

“200 ლარიან დახმარებაზე უნდა დასვა გამყრელიძე, ცერცვაძე და იმნაძე. უნდა უთხრა, იჯექი სახლში, არ გამოხვიდე და მომეცი რეკომენდაციებიო. ვნახავთ, როგორ რეკომენდაციებს მოგვცემენ”.

ამის შესახებ პარტიის „გირჩი-მეტი თავისუფლება“ ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა და აღნიშნა, რომ არსებული რეგულაციები უნდა მოიხსნას, რადგან ქვეყანაში ხალხი შიმშილით იხოცება.

„ჩვენ ვედრებით ქვეყნებს, სადაც ადამიანებს აქვთ დანაზოგი. ანგარიშზე უდევთ ფული და შეუძლიათ, რომ ერთი წელი იცხოვრონ. ჩვენთან ხალხი შიმშილით იხოცება. ვისაც არ უნდა ნუ გამოვა სახლიდან. ვის ვედრებით, საფრანგეთს? მდიდარ ქვეყნებს ვერ შევედრებით. ისინიც იდიოტები არიან, მაგაზე კი არ არის ლაპარაკი, რომ იქ სწორს აკეთებენ. იქაც არასწორს აკეთებენ, მაგრამ ვის ვედრებით? მდიდარ ქვეყნებს, სადაც ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი 40-50 ათასი დოლარია? ჩვენ სიღარიბეში ვიხრჩობით ისედაც“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, ჰოსპიტალური სექტორი არ გადაიტვირთება, თუ მხოლოდ იმ ადამიანებს დააწვენენ კლინიკებში, ვისაც სპეციალური დახმარება სჭირდება.

„ვინც დასაწვენია იმათთვის ადგილები არ რჩება იმიტომ, რომ წვანან ისეთები, ვისაც არ უნდა აწვენდნენ. ადამიანების უდიდეს ნაწილს ეს დაავადება გადააქვს უსიმპტომოდ. ვიღაცას რომ ტემპერატურა აუწევს ან პატარა სიმპტომი ექნება და ახლობლებით „ჩალიჩობს“, რომ სადღაც ადგილი იპოვოს და დაწვეს, ეს არის პრობლემა. უნდა აწვენდე იმათ, ვისაც მართლა სჭირდება დახმარება. სახელმწიფოს რესურსები უნდა იხარჯებოდეს იმაზე, რომ უმკურნალონ იმ ადამიანებს, ვისაც სჭირდება სამედიცინო პერსონალის და სპეციალური დახმარება. სხვებს არ სჭირდებათ და ისინი არ უნდა წვებოდნენ ჰოსპიტალურ სექტორში. შესაბამისად, ჰოსპიტალური სექტორი აღარ გადაიტვირთება. ამის მიღმა არანაირი რეგულაციები არ უნდა იყოს და ვისაც უნდა სახლში ჯდომა, დაჯდეს სახლში. ვისაც არ შეუძლია, რომ სახლში იჯდეს და უნდა, რომ იმუშაოს, არავის აქვს უფლება, რომ იმას დაუშალოს მუშაობა“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად