ზურაბ ჯაფარიძე საზღვრების გახსნაზე: ბაგაში ვყავართ დაბმული, ეს საგიჟეთი უნდა დასრულდეს ოქტომბერში

„გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ხელისუფლებას სურს, საზოგადოება დაარწმუნოს, რომ ხალხზე ზრუნვის მოტივით უფლება აქვს, ადამიანებს წაართვან თავისუფლება, შემოსავალი და აუკრძალონ გადაადგილება, ხოლო სწორად მოქცევის შემთხვევაში, ორას ლარს “მიუგდებენ”.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ეს ყველაფერი ოქტომბერში უნდა დასრულდეს, მომავალში კი ასე მოქცევის უფლება არც ერთ მთავრობას უნდა ჰქონდეს. 

აღნიშნულთან დაკავშირებით “გირჩის” ლიდერი სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ მოსაზრებებში წერს:

“ადამიანების ნაწილს სჭირდება შემოსავლისთვის ქვეყნიდან გასვლა და ოცნების მთავრობა მათ არ უშვებს, მიუხედავად იმისა რომ მასპინძელი ქვეყნები გახსნილია მათ მისაღებად. ადამიანების ნაწილის ერთადერთი შემოსავალი დამოკიდებულია ქვეყანაში შემოსულ ტურისტებზე, მაგრამ ოცნების მთავრობა მათ არ უშვებს ქვეყანაში, მიუხედავად იმისა რომ საკუთარი ქვეყნიდან გამოსვლის პრობლემა ამ პოტენციურ ტურისტებს აღარ აქვთ.

მონობა სხვა არაფერია, რაღაც ჰიპოტეთური, საზოგადოებრივი სიკეთის მომტანი დიადი მიზნისკენ სწრაფვის გამო ადამიანებს ეკრძალებათ თავისუფალი გადაადგილება, შრომა, საკუთარი თავისა და ოჯახის შემოსავლით უზრუნველჰყოფა. თან დღემდე არავინ ხსნის რას აკეთებს მთავრობა, რა არის საბოლოო მიზანი. კორონას წამალს ელოდება? არ იქნება კიდევ დიდი ხანი. ვაქცინას ელოდება? ასევე არ იქნება დიდი ხანი. ვირუსი გაქრება? ამის ალბათობა ძალიან დაბალია.

აბა რას აკეთებენ? ოდესღაც ხომ მოუწევთ გახსნა და მერე რა ხდება? საბოლოო ჯამში ხომ გარდაუვალია რომ ადამიანების დიდ ნაწილს უბრალოდ მოგვიწევს ამ ვირუსული ინფექციის გადატანა და იმუნიტეტის გამომუშავება? მაშინ რა ახსნა აქვს იმას, რომ სარფიდან არ ვუშვებთ ხალხს ხოფაში სამუშაოდ?

ან სხვა ქვეყნებიდან არ ვუშვებთ ტურისტებს აქ ფულის დასახარჯად?

ან ვიზეარს ფაქტობრივად ვუშვებთ ქვეყნიდან?

გარდა იმისა რომ უნდათ ჩვენი დამცირება, უნდათ რომ შევეგუოთ მონურ მდგომარეობაში ყოფნას.

უნდათ კიდევ ერთხელ დაგავრწმუნონ რომ ეს არსით საბჭოთა ნაბიჭვრობა ნორმალურია – ისინი არიან პატრონები, რომლებსაც ჩვენზე ზრუნვის მოტივით აქვთ უფლება წაგვართვან თავისუფლება, წაგვართვან შემოსავალი, აგვიკრძალონ გადაადგილება, რადგან ჩვენ სულელები ვართ და საკუთარ თავს ვერ მივხედავთ.

და მერე, მოგვიგდონ 200 ლარიანი დახმარება, როგორც ღორს უდგებენ სალაფავს, ისიც თუ სწორად მოვიქცევით და საბუთებს წარვადგენთ იქ სადაც საჭიროა.

ბაგაში ვყავართ დაბმული და ხმის ამოღებაზე ჯარიმებით გვტენიან. თუ დაფიქრდებით, ასეა.

ეს საგიჟეთი უნდა დასრულდეს ოქტომბერში.

და არავის, არცერთ მთავრობას აღარ უნდა მივცეთ უფლება ასე მოგვექცეს, თუ ადამიანები გვქვია”, -წერს ზურაბ ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, ევროპულმა საბჭომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა –  ამ სიაში შედის ის 14 ქვეყანა, რომლის მოქალაქეებისთვის საზღვრების გახსნას ევროკავშირი ივლისის დასაწყისიდან აპირებს. მთავრობამ განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, საზღვრების გახსნის თაობაზე, ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

 

ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ, გერმანიამ, ისლანდიამ, ესპანეთმა საქართველოს მოქალაქეებს საზღვარი უკვე გაუხსნა. საქართველოს საზღვრები საფრანგეთმა და იტალიამაც გაუხსნა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად