ზურაბ ჯაფარიძე: პარლამენტის ბოიკოტირება და საბიუჯეტო დაფინანსების აღება არჩევნების შედეგების ირიბი ლეგიტიმაციაა

პარტია “გირჩის” ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, პარლამენტის ბოიკოტირება და საბიუჯეტო დაფინანსების აღება ერთმანეთთან შეუთავსებელია და არჩევნების ირიბ ლეგიტიმაციას ნიშნავს.

“პარლამენტის ბოიკოტირება და საბიუჯეტო დაფინანსების აღება ერთმანეთთან შეუთავსებელია
ირიბი ლეგიტიმატიცაა არჩევნების შედეგების
გამოვა კოლექტიური კობახიძე, იტყვის ოპოზიციამ ამ ნაბიჯით არჩევნების ლეგიტიმურობა სცნოო და მართალი იქნება
ბოიკოტი ნიშნავს ყველაფერზე უარის თქმას და “ოცნების” ეულად დატოვებას.
მათ შორის არა მხოლოდ საბიუჯეტო დაფინანსებაზე უარს,არამედ ყველა არჩევითი ორგანოდან საკუთარი წევრების გამოყვანას
პარლამენტში არ შევდივარ, მაგრამ ჩხოროწყუს საკრებულოში ვმუშაობ, მინიმუმ სასაცილოა
მესმის რომ პარტიები ამ დაფინანსებაზე სხედან წლებია და არასოდეს უცდიათ დაფინანსების მობილიზება საკუთარი მხარდამჭერებისგან, მაგრამ ოდესმე უნდა დაიწყონ სწორად პილიტიკის კეთება
ახლა ჰქონდათ შანსი და “ოცნების” სასარგებლოდ გაისროლეს”- წერს ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ: ცესკოს საბიუჯეტო დაფინანსების მიღებაზე წერილობითი თანხმობით ცხრა პარტიამ მიმართა. 5 პარტიას კი, რომელსაც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე ბიუჯეტიდან დაფინანსება ეკუთვნის, ცესკოში განაცხადი არ შეუტანია.

დაფინანსების თაობაზე ცესკოს წერილობით მიმართა: “ქართული ოცნება“, “ევროპული საქართველო“, “ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან ერთად საარჩევნო ბლოკში შემავალი: – “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, “პროგრესი და თავისუფლება“, “რესპუბლიკური პარტია“ და “ევროპელი დემოკრატები“; ასევე, “გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი“ და “კანონი და სამართალი“.

ცესკოსთვის დაფინანსების მისაღებად არ მიუმართავს: “პატრიოტთა ალიანსს“, “ლეიბორისტულ პარტიას“, “მოქალაქეებს“, “გირჩსა“ და “ლელოს“.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად