ზურაბ ჯაფარიძე: ხელისუფლების ინტერესშია კოვიდის გაზრდილი რიცხვები, რათა მაქსიმალურად შეაშინონ მოქალაქეები

ხელისუფლების ინტერესშია კოვიდის გაზრდილი რიცხვები, რათა მაქსიმალურად შეაშინონ მოქალაქეები, – ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ “ფორმულას” ეთერში, გადაცემაში “კომენტარი” განაცხადა.

მისი თქმით, გაზაფხულზე ცდილობდნენ ეჩვენებინათ, რომ დაბალი რიცხვები იყო და რომ ისინი იყვნენ მხსნელები. ჯაფარიძის თქმით, ამაზე ააგეს საარჩევნო კამპანია და ახლა ფირფიტა შეატრიალეს და ხალხს აშინებენ, რომ არჩევნებზე არ წავიდნენ, ხოლო თავად მოახდენენ საკუთარი ამომრჩევლის მობილიზებას.

“პრობლემა იმაშია, რომ ამ რიცხვებს რომ გვეუბნებიან ყოველდღე [კორონავირუსის გამოვლენის] რამდენად შეესაბამება სიმართლეს. რომელიც რიცხვი შეიძლება იყოს გაბერილი ან დაკლებული. რიცხვებით თამაშობენ ისე, როგორც უნდათ და საერთოდ არ არსებობს ზედამხეველობა ამაზე. რიცხვები დაბალი იყო გაზაფხულზე და ცდილობდნენ, მაქსიმალურად დაბალი ეჩვენებინათ და კამპანია ჩაეტარებინათ იმაზე, რომ ჩვენ ვართ მსხნელები და გმირები და საუკეთესო სტატისტიკა გვაქვს დედამიწაზე, საუკეთესო განვითარებულ ევროპულ ქვეყნებს ვჯობივართ, ისე მაგრად მოვერიეთ ამ კორონას.

ამ ქვეყანაში, ჩემდა სამწუხაროდ, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა, რომელიც ამ მთავრობას უყურებს, რომელიც რასაც კი შეეხო, ყველაფერი გააფუჭა და არაფერი არ გამოსვლიათ, დაიჯერა, რომ რესპირატორული ვირუსი, რომელიც ჰაერში დაფრინავს, ამის გაკავებაში არიან მაგრები და ამაზე ქულები დაიწერეს. ახლა პირიქით, შეტრიალებული აქვთ ფირფიტა. მათ ინტერესშია გაზრდილი რიცხვები, რომ მაქსიმალურად შეაშინონ მოქალაქეები, რომ რაც შეიძლება ნაკლები რაოდენობის მოქალაქე გამოვიდეს არჩევნებზე. ისინი თავიანთი ხმების, ადამიანური რესურსის მობილიზებას ნებისმიერ შემთხვევაში მოახერხებენ, იმიტომ, რომ არმიასავით ჰყავთ, ზოგს აშინებენ და ზოგს ყიდულობენ. ხოლო ოპოზიციურ ფლანგის რაც უფრო ნაკლები მხარდამჭერი მოვა არჩევნებზე, მით უფრო მაღალი იქნება მათი პროცენტი”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად